შაჰინი: "საქართველოს პოლიტიკურ ბედს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დემოკრატიის მდგომარეობაზე რეგიონსა და მსოფლიოში"
03/06/2021 19:59:55 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩო სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის მიერ ქვეყანაში დღეს გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
დიპლომატიური უწყების ცნობით, სენატორები შეხვდნენ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რათა ემსჯელათ, თუ რა გზით შეუძლია აშშ-ს, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიის ხედვას 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების ჭრილში. მათ ასევე მოინახულეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი.
სენატორი შაჰინი 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დემოკრატიის მდგომარეობაზე რეგიონსა და მსოფლიოში.
„მოხარული ვარ დღევანდელი ნაყოფიერი, ორპარტიული მსჯელობით საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების შესაძლებლობებზე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან. მჯერა, რომ არსებობს მტკიცე გადაწყვეტილება აპრილის შეთანხმებაში გაწერილი დემოკრატიული მიზნების შესასრულებლად, რაც ქართველი ხალხისთვის უფრო ნათელი და უსაფრთხო მომავლის შექმნას ემსახურება. უნდა გაგრძელდეს ინტენსიური მუშაობა კომპრომისზე, ძლიერი და ეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოების მისაღწევად, რასაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ. აშშ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს რეგიონულ პარტნიორებს ამ ძალისხმევაში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დემოკრატიის მდგომარეობაზე რეგიონსა და მსოფლიოში. მადლობელი ვარ სენატორი პორტმანის პარტნიორობისთის, ქართველის ხალხის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. როგორც ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, გავაგრძელებ დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებელი რეფორების მხარდაჭერას", – განაცხადა შაჰინმა.


