"მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის"
03/06/2021 15:40:49 პოლიტიკა
"ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის", – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტი არის დადასტურება იმისა, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან პარტნიორობას.
„ეს არის პირველი ვიზიტი აშშ-სთვის პოსტკოვიდურ გარემოში და ეს ვიზიტი სწორედ რომ საქართველოში განვახორციელეთ იმ დიდი მნიშვნელობის გამო, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოს და მასთან პარტნიორობას. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს, პარლამენტის სხვა წევრებს. საღამოს გვექნება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ხოლო შუადღისას გვქონდა შეხვედრა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებთან. ერთ-ერთი, რაც გვესმის ყველა შეხვედრის დროს, გახლავთ ის, რომ საქართველო საკუთარ მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის წევრად", – განაცხადა სენატორმა.
ამასთან, როგორც შაჰინმა აღნიშნა, აშშ მიესალმება 19 აპრილის შეთანხმებას:
"მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო გარემოს გაუმჯობესებასა და სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამასთან, მხარს ვუჭერთ რეფორმებს და მათ შემდგომ განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათი საჭიროებებისთვის. მივესალმებით ასევე საქართველოს არჩევანს, რომ მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და ნატო-ს“.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით:
"უკანასკნელ პერიოდში აშშ–ის დახმარება ეხებოდა "კოვიდთან" ბრძოლას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, ეკონომიკურ კეთილდღეობას და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. დღეს გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით".


