"გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება"
03/06/2021 14:22:29 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ყველაფერი მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს.
მისივე თქმით, საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება.
„დაუშვებელია, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალობის დეფიციტზე. გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება. აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება, რათა როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას განაგრძობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის უწყების ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე.
დღეს საპატრიარქომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, გაასაჯაროვოს საქმეები, რომლებზეც სახალხო დამცველმა ისაუბრა.
„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას.”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ არშეშვების ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.


