"თუ სააკაშვილი არჩევნებში ჩაერევა, უკრაინასთან განვიხილავთ"
03/06/2021 11:14:59 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, თუ საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერევა, ამას უკრაინულ მხარესთან განიხილავენ.
მისი თქმით, უკრაიანა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთის სახელმწიფოებრიობას და კანონებს პატივი უნდა სცენ.
“როდესაც ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმიანობაში, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს ეს ვუთხარით. მათი პოზიციაა, რომ იგი (მიხეილ სააკაშვილი) არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსთან მიმართებაში. [...] ჩვენთვის მთავარია არ იყოს ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა[…] თუ სააკაშვილი ჩაერევა თვითმმართველობის არჩევნებში, ამას ჩვენ შესაბამისად განვიხილავთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ჩვენს სახელმწიფოებრიობას”, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის მაისში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. აღნიშნული კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია. ელჩი უკრაინაში 1 წლის შემდეგ დააბრუნეს.


