დეპუტატმა "ოცნებიდან" ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე დასმულ კითხვას ზურგი შეაქცია
03/06/2021 10:55:29 პოლიტიკა
დეპუტატმა "ოცნებიდან" დავით სონღულაშვილმა ზურგი შეაქცია ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებაზე დაუსვეს კითხვა.
ვიდეოში, რომელსაც „ფორმულა“ ავრცელებს, ისმის, თუ როგორ ეკითხება ჟურნალისტი დეპუტატს, თუ რას ფიქრობს ის ბავშვთა პანსიონზე. აღნიშნულის შემდეგ დეპუტატი ამბობს: „ეკონომიკასთან დაკავშირებით გაქვთ სხვა კითხვა?“. ამის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატი ტერიტორიას ტოვებს.
ამის შემდეგ, ჟურნალისტები მას უხსნიან, რომ როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, მნიშვნელოვანია, რომ მან თავისი პოზიცია დააფიქსიროს. სონღულაშვილი ამაზე აცხადებს: "შესაბამისი კომიტეტი გაგცემთ პასუხს“.
დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას განაგრძობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის უწყების ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე.
ცნობისთვის: გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ არშეშვების ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.


