Accentnews.ge
თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საპატრიარქოსთან შეთანხმება მოხდება

თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საპატრიარქოსთან შეთანხმება მოხდება

03/06/2021 09:28:47 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საპატრიარქოსთან შეთანხმება მოხდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, ის დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება.

"ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ვრცელდება ყველგან, სადაც უნდა იყოს ის. რაც შეეხება ომბუდსმენს - აქვს უფლება ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, ბავშვები მათ შორის.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება, ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს, შეთანხმება მოხდეს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებს", - თქვა თალაკვაძემ.

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. ეს გადაწყვეტილება სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო და ომბუდსმენს შეურაცხყოფაც მიაყენა.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

2 ივნისს ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისივე განცხადებით, პროკურატურა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების საქმესაც იძიებს.

ოფოციალური ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის. თუმცა, როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, პანსიონში 150-მდე ბავშვია.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S