ანი მიროტაძემ "ლელო" დატოვა
02/06/2021 12:12:39 პოლიტიკა
ანი მიროტაძემ პარტია "ლელო საქართველოსთვის" დატოვა. მან წამოსვლის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ გარკვეულ საკითხებში მას "ლელოსგან" განსხვავებული ხედვა ჰქონდა.
პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად მიროტაძე 20 ივნისის ამნისტიას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მისთვის ეს "წითელი ხაზია".
"ერთი მიზეზი იყო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩემთვის "წითელი ხაზია" და ამ მასშტაბის დანაშაული ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ოპოზიციის მხრიდან. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, მქონდა ჩემი არგუმენტები, პირველ რიგში, ეს არის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ასევე, როგორც პოლიტიკოსის... მყარად მჯერა ახლაც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, თუნდაც ამ მასშტაბის შეთანხმებაში ამნისტია და ამ მძიმე დღეების გადაფურცვლა იქნებოდა შეუძლებელი. ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა, ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა მიროტაძემ "ფორმულას ეთერში".


