Accentnews.ge
ვაშაძე ნამახვანჰესზე ერთ-ერთ გამოსავლად ადგილობრივ პლებისციტს ასახელებს

ვაშაძე ნამახვანჰესზე ერთ-ერთ გამოსავლად ადგილობრივ პლებისციტს ასახელებს

02/06/2021 09:39:31 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ აშენების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ადგილობრივების ჩართულობით, მათ შორის, პლებისციტის ჩატარებითაც.

მისივე თქმით, იგი მზად არის, რომ ამ დიალოგში ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, თუ ამის სურვილი მხარეებისგანაც იქნება.

„219-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება და არ შეიძლება ვინმე გულგრილი დატოვოს ამ პროტესტმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით სრულ პატივისცემას ვუდასტურებ პირადად ვარლამ გოლეთიანს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს.

პირველი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სპეცრაზმებით და პოლიციელებით კი არ უნდა ესაუბროთ ამ ხალხს, არამედ უნდა მიხვიდეთ და კონკრეტული დიალოგის ფორმა უნდა იყოს შერჩეული, ელაპარაკოთ ამ ადამიანებს, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ.

მეორე - მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესია ენერგოდამოუკიდებლობა და უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როცა ვინმე აცხადებს, რომ თურმე ჰესები ამ ქვეყანაში არ გვჭირდება.

მესამე - მივიჩნევთ, რომ თავი და თავი ამ პრობლემის არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა და ქვეყანაში ასეთ გადაწყვეტილებებში ხალხი არ არის ჩართული. არავინ არ გააკეთა ინფორმირებულობა რიონის ხეობის და ლეჩხუმის მოსახლეობის თუ რისთვის არის საჭირო და რა სარგებელი მოაქვს ან რა საფრთხეს უქმნის რეალურად მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ჰესი.

აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, საკრებულომ, ხალხთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჰესთან დაკავშირებით, ან შეიძლება ჩატარდეს ადგილზე პლებისციტი. მაგრამ მანამდე საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რა სარგებელი მოაქვს ჰესებს, რას მიიღებენ კონკრეტულად რიონის ხეობის მცხოვრებლები ან რა საფრთხეებია. ეს უნდა ხდებოდეს პროფესიონალურად და არა ზედაპირულად. ადგილზე მოსახლეობის ჩართვის გარეშე, საქართველოში ვერც ერთი ჰესი ვერ აშენდება.

ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგში ნებისმიერი ფორმით და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, თუ ამის სურვილი იქნება მხარეების მხრიდან და ჩვენი წილი პასუხიმგებლობა ავიღოთ ამ უმძიმესი კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S