„გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს საჩუქარი იქნებოდა ენმ–სთვის"
31/05/2021 15:51:54 პოლიტიკა
გახარია აცხადებს, რომ თანამდებობა მელიას გამო არ დაუტოვებია
„საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ამბობს, რომ თანამდებობა ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას გამო არ დაუტოვებია. კერძოდ, როგორც გახარია განმარტავს, მისი პოზიცია იყო, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ და დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება.
„შემდგომ, როდესაც საკითხი დადგა მელიას იმ ფორმით დაკავებაზე – ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრით, ეს იყო ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი რამოდენიმე მიზეზით:
- უაღრესად დიდი რისკის ქვეშ აყენებდა სახელმწიფოს, როგორც ასეთს;
- ეს სერიოზულ რისკებს უქმნიდა „ქართულ ოცნებას, როგორც პარტიას.
დღესაც ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმით, რაც და როგორც გააკეთა, იყო ის, რომ ფაქტობრივად პარლამენტზე შტურმში ორგანიზატორი არ იქნება სასამართლოს წინაშე წარდგენილი, მართლმსაჯულება არ აღდგება და არ დადგინდება, იმიტომ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გახდა „მელიას ქეისი“ და საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვენ საქმეში, რათა ვითარება დასტაბილურებულიყო“,– განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, პირობებში, როდესაც მსგავსი ფორმულირება „პოლიტიკური პატიმარი“ არ არსებობდა, შეთანხმების საგანი გახდა პოლტკურად მოტვირებული მართლმსაჯულება.
გახარია ამბობს, რომ პარტია აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელებაში პირდაპირ შეიჭრა და ეს მისთვის მიუღებელ იყო. ამბობს იმასაც, რომ მინისტრთა კაბინეტის რიგ წევრებზე პარტია ზემოქმედებდა და პროცესის შესაჩერებლად, რათა არანაირი საპოლიციო ღონისძიება არ გამართულიყო, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მისი თქმით, არავისთან შეუთანხმებია.
მისი თქმით, „გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს იქნებოდა საჩუქარი „ნაციონალური მოძრაობაისთვის“, ვითარება „ბევრად უფრო კონფლიქტური იქნებოდა და დააზიანებდა ქვეყანას“.
„როდესაც ვნახე, რომ მთელ გუნდს, რომელიც ამ გადაწყვეტილების პროცესში იყო ჩართული, ჰქონდა სხვა პოზიცია და მე მქონდა სხვა პოზიცია, რა თქმა უნდა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან მე შემდგომში ხომ უნდა გამეგრძელებინა მუშაობა. უარესს საფრთხეს შევუქმნიდი ქვეყანას, შს მინისტრის მაშინ გათავისუფლებით. ჩემზე მნიშვნელოვანი არ იყო გომელაური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ისეთი შიდა დაპირისპირება დაიწყებოდა ქვეყანაში, რომლიდან გამოსვლაც იქნებოდა ბევრად უფრო რთული. ამიტომ, მე მივიღე ქვეყნისთვის და „ოცნებისთვის“ ნაკლებად დამაზიანებელი გადაწყვეტილება და ვთქვი, რომ იმედია, ეს ტემპერატურა დაცხრება, პოლარიზაცია დაიკლებს და ამ სისულელეს, რაც მერე მაინც გააკეთეს, არ გააკეთებენ-მეთქი. რა მოვიგე იცით, დრო მოვიგე და ეს ყველაფერი განხორციელდა ბევრად უფრო ნაკლები რისკებით და რბილად. იმუნიტეტის მოხსნა იყო პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა გახარიამ.


