"მოველი, რომ ნატო-ს ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელებას"
31/05/2021 14:10:54 პოლიტიკა
"მოველი, რომ ნატო-ს ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელებას", – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო "ღია კარის" პოლიტიკის ერთგული რჩება.
"ნატო-ს კარი ღია რჩება და ჩვენ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშიც. ჯერ მონტენეგროსა და შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის მიღებით ალიანსის ახალ წევრებად. ჩვენ ვმუშაობთ ასპირანტ სახელმწიფოებთან, როგორიც საქართველო და უკრაინაა. ჩვენი გზავნილია, რომ ისინი ფოკუსირებულები უნდა იყვნენ რეფორმებზე, მათ უნდა მოახდინონ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის საუკეთესო გზა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში წინ წასაწევად. თუმცა თავად რეფორმებიც ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ასპირანტ ქვეყნებს სხვადასხვა პროგრამით. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. მოველი, რომ ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის, ამ ძალზედ ღირებული ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოების, ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო–ს სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.


