„ქართული ოცნება“ ენმ–ს ულტიმატუმს უყენებს
31/05/2021 08:12:55 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ენმ–ს, რომელმაც ბოიკოტის რეჟიმის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ხელს არ აწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხების დოკუმენტს, ულტიმატუმს უყენებს. კერძოდ, სახელისუფლებო გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ენმ დოკუმენტს „გონივრულ ვადაში“ არ მოაწერს ხელს, ვერ მიიღებენ მონაწილეობას „მიშელის დოკუმეტით“ გათვალისწინებული შეთანხმების შესასრულებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და ვერც იმ ჯგუფში, რომელიც მომავალში შეიქმნება.
„გარდა ამისა, თუ „მიშელის დოკუმენტს“ ხელი გონივრულ ვადაში არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთ პრივილეგიით, რომლებსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს“,– განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მან მაგალითად მოიყვანა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ფორმატი და განაცხადა, რომ ამ პროცესში ენმ არ ჩაერთვება, თუმცა მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო დისკუსიებში.
რაც შეეხება პრივილეგიებს, კობახიძე განმარტავს, რომ საუბარია კომიტეტეტბის და დელეგაციების გადანაწილებაზე.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა პერიოდს გულისხმოვს "გონივრული ვადა", კობახიძე პასუხობს: „როდის ამოიწურება გონივრლი ვადა, ამას ჩვენგან გაიგებთ“.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ხატია დეკანოიძე კი საპასუხოდ აცხადებს, რომ ენმ "ქართულ ოცნებასთან" ძალაუფლების გადანაწილებას არ აპირებს.
"ჩვენ არ ვაპირებთ "ქართულ ოცნებასთან" ძალაუფლების გადანაწილებას. ჩვენთვის მთავარია, რომ რეალურად რეჟიმი შეირყეს და ჩამოინგრეს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე და საპარლამენტო საქმიანობა გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის ჩვენი ამოცანა.
პრივილეგიები, კორუფცია და საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლა, ეს არის კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ყველა მსახურის მთავარი ამოცანა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იბრძოლებს იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს რაც შეიძლება მალე და ვადამდელ არჩევნებზე ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


