"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის
30/05/2021 14:04:40 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ენმ–ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ შევალთ და გამარჯვებული გამოვალთ ქართველ ხალხთან ერთად. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა, ბრძოლა იმისათვის, რომ გავათავისუფლოთ მიტაცებული საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რამდენიმე თვეში მოხდება", – განაცხადა მელიამ.
ენმ ბოიკოტს წყვეტს აჭარაშიც და უმაღლეს საბჭოში შედის:
"ჩვენ, მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ მომენტში არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო თუ საკომიტეტო სხდომათა დარბაზები. აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დარბაზები. მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში ყველგან, ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა. წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამთავრდეს და დამთავრდეს ხალხის სახელით".
დღევანდელ პოლიტსაბჭოს წინ უძღოდა მოლაპარაკებები და რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებთან რამდენიმეკვირიანი შეხვედრები.
პარტიის წევრების ნაწილი პარლამენტში შესვლას მხარს უჭერდა, მეორე ნაწილი კი ფიქრობდა, რომ ისინი პარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ.
განსხვავებული აზრების მიუხედავად, ენმ-ის წევრები აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილება ერთობლივია და მოქმედებენ ერთობლივად.


