გახარია განმარტავს, ვისთან არ გეგმავს თანამშრომლობას
29/05/2021 15:14:21 პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობის განაცხადი გრძელვადიანია და მოწყვეტილია დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტს:
„ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ქვეყანაში დავასრულოთ ნებისმიერი სახის რადიკალიზმი. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან მოდის რადიკალიზმი. ჩვენ არ ვიტანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ. სადაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რადიკალური ადამიანები იქნებიან ჩართულნი“.
გახარია ამბობს, რომ მის პარტია ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
კითხვაზე, ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი, გახარია პასუხობს:
„დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემაა სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი და ეკონომიკური განვითარება“.
ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რომ სამი წლის განმავლობაში იკავებდა წამყვან თანამდებობებს და ჰკითხეს, მის მიერ მთავარ გამოწვევეად დასახელებული პრობლემების აღმოფხვრისთვის რა გააკეთა.
„ბევრი რამე გაკეთდა. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ იმასაც კი, სადაც მიღწევები ჰქონდა და ამაზე ყველა თანხმდება, თავისი წარმატების დასაფიქსირებლად 10–15 წლის წინანდელ რეალობას ადარებს. ეს ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მთავარია, მიზნად საუკეთესო მაგალითები დავისახოთ, რათა ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ვიდრე დღევალდელია“.
ამასთან, გახარია ამბობს, რომ "არავის პროექტი" არ ყოფილა და არ იქნება.
„არასოდეს არ ვყოფილვარ არაბის პროექტი და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი“,– ასე უპასუხა გახარიამ კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პროექტი და დასძინა, რომ ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
გახარია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში მედიის წარმომადგენლებთან ექნება შეხვედრა და ყველა კითხვას უპასუხებს.


