გოცირიძე: "სააკაშვილს არ ვეთანხმები, საქართველოს ჰესები სჭირდება"
28/05/2021 18:08:31 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ჰესებთან დაკავშირებით არ ეთანხმება.
"ვერასდროს დავუჭერ მხარს ისეთ ლოზუნგს, როგორიც არის „არა ჰესებს“ „არა ჰესებს“ ნიშნავს, არა საქართველოს განვითარებას, ვინაიდან, ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ჩვენ მეტი არაფერი არ გვაქვს. არ ვართ გაზისა და ნავთობის ქვეყანა. ეს რესურსები უნდა გამოვიყენოთ", – განაცხადა გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
წამყვანის კითხვაზე, "ანუ, თქვენ არ ეთანხმებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პათოსში, რომ საქართველოს აქვს შანსი იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე", რომან გოცირიძემ შემდეგი განაცხადა:
„არა, არ ვეთანხმები. საქართველოს ჰესები სჭირდება იმის გამო, რომ განვითარდეს ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გადაიღო და მართლაც ძალიან შთამბეჭდავია“.


