ნინო ლომჯაარია – ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე: "შემაშფოთებელი და დასაგმობია"
28/05/2021 17:54:24 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას მიმართავს და დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ, „ფორმულას“ გადაცემის ანონსში ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვას ითხოვს „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე.
"ხაზგასასმელია, რომ საქართველოს პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და დასაგმობია მსგავსი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელსაც საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაძალადობრივი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას. ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ასევე, ეწინააღმდეგება "საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით" პარლამენტარისთვის დადგენილ ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი მაუწყებელს მოუწოდებს, აღნიშნული გადაცემის ეთერში განთავსებისას, ბავშვთა უფლებების და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხები გაშუქდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.


