თალაკვაძე – IDFI-ს კვლევაზე: "ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარლამენტში, ჩვენი მმართველობის პერიოდში, არც ერთი პრემია-დანამატი არ აუღია არავის"
28/05/2021 14:52:25 პოლიტიკა
"ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარლამენტში, ჩვენი მმართველობის პერიოდში, არც ერთი პრემია-დანამატი არ აუღია არავის", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ IDFI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
"ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარლამენტში, ჩვენი მმართველობის პერიოდში, არც ერთი პრემია-დანამატი არ აუღია არავის და პირიქით, პარლამენტარების ხელფასების დიდი ნაწილი, რამდენიმე თვის განმავლობაში მიემართა, კოვიდპანდემიით დაზარალებულებულთა ფონდს. პოლიციელებს, სხვადსხვა მოკავშირე სამსახურებს სჭირდება მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური, აქ არაფერი არაა გაურკვეველი", – აცხადებს თალაკვაძე.
ცნობისთვის: "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) 2020 წელს, პანდემიის პერიოდში საჯარო დაწესებულებებში ფულადი ჯილდოების (პრემიების) და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა.
IDFI-მ კვლევის ფარგლებში საჯარო ინფორმაციაზე 77 უწყებიდან მიიღო, საიდანაც, ორგანიზაციის თქმით, პრემია ან სახელფასო დანამატი 44 დაწესებულებაში გაიცა, სულ - 21,5 მილიონი ლარი, აქედან პრემია - 9,5 მილიონი იყო, სახელფასო დანამატი - 12 მილიონი ლარი.
IDFI–ს ცნობით,
2020 წელს ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე პრემიის სახით გასცეს:
- საქართველოს ეროვნულმა ბანკმა - 5,5 მილიონი ლარი;
- ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ - 3 მილიონი ლარი
სახელფასო დანამატის სახით:
- პროკურატურამ - 3,5 მილიონი ლარი;
- სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა - 2,3 მილიონი ლარი.
გარდა ამისა, IDFI წერს, რომ:
- ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით სულ 218,176 ლარი მიიღეს.
- კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა 2020 წელს ჯამში 128 208 ლარი
- ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯამში 94 760 ლარი;
- საქართველოს პროკურატურაში, თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით გაიცა - 731 60 ლარი
- სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კი - 228 440 ლარი.
IDFI-ს შეფასებით, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებების თანამშრომლებს, არ ეძლევათ მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებზე, 2020 წელს ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით გაცემულია მხოლოდ წლიური სარგოს 6%.


