Accentnews.ge
ზალკალიანი – ბელარუსის მიმართულებით ფრენებზე: "კერძო კომპანიების გადასაწყვეტია"

ზალკალიანი – ბელარუსის მიმართულებით ფრენებზე: "კერძო კომპანიების გადასაწყვეტია"

28/05/2021 11:18:03 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოდან ბელარუსის მიმართულებით ფრენების საკითხი კერძო კომპანიების გადასაწყვეტია.

მისივე თქმით, ბელარუსის საჰაერო სივრცეში გადაადგილებასთან დაკავშირებით "ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გავითვალსიწინოთ".

"რაც შეეხება ფრენებს, საქართველოს არ აქვს პირდაპირი ფრენები ბელარუსის მიმართულებით. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, კერძო კომპანიების გადასაწყვეტია. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გავითვალსიწინოთ. პირველ რიგში, ის, რომ პანდემიის პირობებში თუკი ფრენები არსებობს, ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები. ჩვენ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს, იმისთვის რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეექმნათ თუნდაც სამშობლოში დაბრუნების პრობლემა. ამასთან, ძალიან ბევრი ბელარუსული კომპანია საქართველოში უკვე მოღვაწეობს, რომელთაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, თანამშრომლები, ჩვეულებრივი ბელარუსი მოქალაქეები, რომლებმაც გვინდა, რომ იხილონ რა არის დემოკრატია, რა არის განვითარება. ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს ყველაფერი უნდა ნახონ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანასთან ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ინტენსიური საქმიანობა განვახორიცელეთ ბევრი მიმართულებით", – განაცხადა მინისტრმა.

26 მაისს ევროკავშირის ავიარეგულატორმა მოუწოდა მსოფლიო ავიაკომპანიებს, "უსაფრთხოების მიზნებიდან და კომპანია Ryanair-ის ლაინერთან დაკავშირებული ინციდენტიდან გამომდინარე", ბელარუსის საჰაერო სივრცეს თავი მოარიდონ.

"მინსკის მოქმედებამ Ryanair-ის რეისს მომეტებული რისკი შეუქმნა და კითხვები წარმოშვა ბელარუსის მიერ უსაფრთხო საჰაერო მომსახურების გაწევის უნართან დაკავშირებით. ამ მოვლენებთან დაკავშირებული გარემოებები სერიოზულ ეჭვებს იწვევს ბელარუსის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესების დაცვის კუთხით. ვურჩევთ როგორც ევროპაში ბაზირებულ, ისე ყველა დანარჩენ ავიაგადამზიდს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს რეისებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლას თავი აარიდონ" - ნათქვამია ევროპის ავიარეგულატორის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რიგი ევროპული ავიაკომპანიები თავისი ლაინერების რეისებს უკვე ცვლიან. ბელარუსის თავზე ევროპასა და აზიას შორის დერეფანში ფრენები შეწყვიტეს ისეთმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Lufthansa, KLM, SAS, Air France, LOT, Singapore Airlines.

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S