Accentnews.ge
"მინსკის ინციდენტზე ჩვენი კომენტარი იყო მკაფიო, არ მაინტერესებს რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს სამინისტროს განცხადებას"

"მინსკის ინციდენტზე ჩვენი კომენტარი იყო მკაფიო, არ მაინტერესებს რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს სამინისტროს განცხადებას"

28/05/2021 10:50:33 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, უწყების კომენტარი მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასა და ჟურნალისტ რამან პატასევიჩის დაკავებაზე მკაფიო იყო.

მინისტრის თქმით, მისთვის მთავარი სახელმწიფოს ინტერესებია და არა ის, თუ რომელმა პოლიტიკოსმა როგორ შეაფასა ის.

„ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ, არის თუ არა ნახსენები სახელი და გვარი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ბევრი ჩვენი ევროპელი კოლეგის მსგავსი განცხადება ვიხილეთ, სადაც იყო მოწოდება; მაშინ იყო საჭირო მყისიერი რეაგირება იმისთვის, რომ მყისიერად გათავისუფლებულიყვნენ ადამიანები, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ. ჩვენს განცხადებაში ეს მოწოდება გავაკეთეთ, შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას და თუკი ნახავთ ევროკავშირის განცხადებას, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო, შავით თეთრზე ყველაფერი წერია, მათ შორის სახელებიც, მათ შორის საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და პრინციპებზე აპელირება და ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების სულისკვეთებას და საქართველო არის ხელისმომწერი ამ ერთობლივი განცხადების, შეგიძლიათ, იხილოთ და ყველა კითხვაზე გაცემული იქნება პასუხი.

თქვენ გგონიათ, რომ არ იყო ხისტი განცხადება, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ჩვენი განცხადება იყო მკაფიო, მე არ მაინტერესებს ეს პოლიტიკური ინსინუაციები, რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს სამინისტროს განცხადებას; ჩემთვის მთავარია სახელმწიფო ინტერესები, რომ არ დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მე ვარ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე, ამიტომ ჩვენი მყისიერი მოწოდება იყო, რომ ყველა, მათ შორის იმ პიროვნების, ვისი დაკავებაც მოხდა, ყველაზე იყო საუბარი, რომ ყველა უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული, ხოლო რაც შეეხება კონკრეტიკას, კონკრეტიკა არის ევროკავშირის განცხადებაში, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო“, –განუცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს გამოეხმაურა იმგვარი ფორმულირებით, რომ დაკავებული ჟურნალისტი არ უხსენებია:

“მივესალმებით "Ryanair"-ის რეისის უსაფრთხო დაშვებას მისი თავდაპირველი დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მოგზაურობის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია”.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S