"შეიძლება, ჰქონდეს მიზანი გახარიას გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ "ოცნების" საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება"
28/05/2021 10:30:45 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქს–პრემიერ გიორგი გახარიას რეიტინგი დაკავშირებული იყო მმართველ ძალასთან.
მისი თქმით, კობახიძე აღიშნავს, სურათი ახლა არსებითად შეცვლილია:
"ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ. გახსოვთ, წინა შვიდი არჩევნები როგორ დასრულდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც, ეს ამოცანა გვაქვს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს [გახარიას] ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაიმე მიზერული გავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ პრინციპულად ჩვენს საარჩევნო მიზანს მივაღწევთ. ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ შექმნილიყო გახარიას რეიტინგი, საბოლოო ჯამში ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავს ამ რეიტინგს. ახლა შეგვიძლია, რეიტინგი გადავამოწმოთ და ვნახოთ, რა არის სურათი, ჩვენ გვაქვს ეს სურათი და მინდა, გითხრათ, ის არსებითად შეცვლილია. ჩვენ გვაქვს ჩვენი საარჩევნო მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება და ეს საარჩევნო მიზანი არ არის 43 პროცენტის აღება. ჩვენ ამაზე ამბიციური საარჩევნო მიზანი გვაქვს, რომელიც აუცილებლად შესრულდება. შეიძლება ჰქონდეს მიზანი ამ გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ ჩვენი საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


