TI – "ქართულმა ოცნებამ" 2020 წელს მხოლოდ რეკლამაზე 15 მლნ დახარჯა
28/05/2021 09:20:48 პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ცნობით, 2020 წელს, მმართველმა პარტიამ რეკლამაზე 14,387,881 ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო. არასამთავრობო ორგანიზაციამ 8 პოლიტიკური პარტიების შემოსავლები, ხარჯები და ფინანსებზე ზედამხედველობის საკითხი შეისწავლა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარტიებმა ყველაზე დიდი ხარჯები შემდეგ კატეგორიებზე გასწიეს: რეკლამა, შრომის ანაზღაურება, უძრავი და მოძრავი ქონების იჯარა, ოფისის ხარჯები, ყრილობების თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზების ხარჯები, სანოტარო, საკონსულტაციო, თარჯიმნის მომსახურების ხარჯები.
„მმართველმა პარტიამ რეკლამაზე 14,387,881 ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო. 5,177,163 ლარით მეორე ადგილზე პარტია „ლელო საქართველოსთვის” იყო, ხოლო მესამეზე - ბლოკ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი პარტიები 4,453,857 ლარით. აღსანიშნავია, რომ წილობრივად ყველაზე მეტი - მთლიანი წლიური შემოსავლის 92% (211,633 ლარი) - რეკლამაზე პარტიამ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები” დახარჯა, მეორეზე კი 76%-ით (2,473,162 ლარი) ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებელში” შემავალი პარტიები იყვნენ. შედარებისთვის, მმართველმა პარტიამ რეკლამაზე საკუთარი მთლიანი წლიური ხარჯების 48% გაწია.
წინა წლების მსგავსად, რეკლამის კატეგორიებს შორის ყველაზე დიდ თანხას პარტიები სატელევიზიო რეკლამაზე ხარჯავდნენ, მხოლოდ ერთ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჰქონდა გარე რეკლამაში უფრო მეტი დახარჯული, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაზე. მმართველი პარტიის მიერ გარე რეკლამაში დახარჯული თანხები ამ ტიპის რეკლამაში სულ დახარჯულის 64%-ს (6,155,608 ლარი) შეადგენდა“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გასულ წელს 158 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს და ამავე პერიოდში 1,6 მილიონი პარტიის სასარგებლოდ გაიღეს:
"მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების" სასარგებლოდ.
2020 წელს დაახლოებით 11.7 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.8 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
8 პოლიტიკურმა სუბიექტმა სულ 60 267 443 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 49% - 29 817 933 ლარი „ქართული ოცნებაზე" მოდიოდა, 7 995 487 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო”, მესამეზე კი - ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი პარტიები 7 818 767 ლარით".
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული უფლებამოსილებები არ არის საკმარისი პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, მათ შორის შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციული გარიგებებზე და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური რეაგირებისთვის, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო.
მისი შეფასებით, ეს უწყება აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწევს ზედამხედველობას.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად უნდა რეაგირებდეს შესაბამის დარღვევებზე, მათ შორის იმ გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ამ ანგარიშში არის გამოკვეთილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსური ანგარიშგებების შევსების კუთხით და შეიმუშავოს უფრო დეტალური და ყოვლისმომცველი ინსტრუქციები ერთგვაროვანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


