მარგველაშვილი – ვასაძეზე: "ახლო მეგობარია, მაგრამ მისი პარტიის ამომრჩეველი არ ვარ"
27/05/2021 12:06:46 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ახლო ურთიერთობა აქვს, თუმცა მათი პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდება.
"მე და ლევანს გვაკავშირებს ძალიან ბევრი წელი, უაღრესად ახლო მეგობრობის, ერთმანეთის ნათესაობის, ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ძალიან ახლოს გავატარეთ, თუმცა პოლიტიკაში ჩემი და ლევანის შეხედულებები არის აბსოლუტურად განსხვავებული როგორც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე საშინაო პოლიტიკასთან. შესაბამისად, ლევანის პარტიის ამომრჩეველი მე არ ვარ, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ მაძლევს შესაძლებლობას გითხრათ, რა არის ლევანის პარტიის საბოლოო მიზნები. მე ლევანთან არ მისაუბრია, ასე რომ ვერ მოგიყვებით", - თქვა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის: ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა 2021 წლის 6 მაისს დააანონსა. მან დააფუძნა პარტია "ერი - ერთობა, რაობა, იმედი".


