Accentnews.ge
რა საკითხები განიხილა პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას

რა საკითხები განიხილა პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას

27/05/2021 09:20:12 პოლიტიკა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, ოკუპაცია, შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები განიხილეს.

"ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ზაზა გახელაძის გატაცებასა და მისთვის 12-წლიანი განაჩენის გამოტანაზე, როგორც ყველაზე მტკივნეული საკითხის ერთ-ერთ მაგალითზე და იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა მალე მოგვარდეს ეს საკითხი, შეძლოს მან თავის ოჯახში დაბრუნება. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, დღეს პასუხი არის მეტი სოლიდარობა და მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერსპექტივა, სადაც არიან საქართველოს პარტნიორები და მეგობრები, ე.ი ევროკავშირი და ნატო", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პოლონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია:

"ორივე მიმართულებით პოლონეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ერთგული მხარდამჭერი და ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის, სწორედ ნატო–სა და ევროკავშირთან მიმართებაში. ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე და ძალიან ბევრი ეტაპის ინიციატორი იყო პოლონეთი, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობა. ჩვენ გავიარეთ შემდეგ ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, დღეს გვჭირდება ასევე ევროკავშირთან მიმართებაში ახალი ეტაპები, ვიდრე ჩვენ მივაღწევთ საბოლოო გეგმას, 2024 წელს განაცხადს და შემდეგ გაწევრიანებას. ვიცით, რომ მალე, 14 ივნისს იმართება სამიტი, რომელსაც დაესწრება პირველად ახლად არჩეული ამერიკის პრეზიდენტი და ჩვენი მოთხოვნა გავაზიარე პოლონეთის პრეზიდენტთან, რომ ამ სამიტმა და მისმა ბოლო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის, ჩვენთვის იყოს იქ ერთობლივად ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის ღია კარი, როგორც ახლო წარსულში მაკედონიისთვის გაიხსნა კარი, ჩვენთვისაც ასევე ღია არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის მიერ პოლიტიკური ადგილის დამკვიდრება საქართველოსა და პოლონეთის ინტერესებშია:

"სექტორული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ევროკავშირის ინტერესებში, რომ შავ ზღვაზე და ამ რეგიონში შემოვიდეს აქტიურად, ამ ეკონომიკურ პროექტებში და აღნიშნულის შედეგად აქ მისი გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი“.

"ნებისმიერ დროს გელოდებით საქართველოში, ეს არის თქვენი მეორე სამშობლო", –მიმართა პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგას და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S