ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა
27/05/2021 09:00:33 პოლიტიკა
19-20 ივნისის მოვლენებზე მომზადებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკუთარ ვერსიას გაიტანს, რომელიც დიდი ალბათობით, ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიციის კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტთან სრულ შესაბამისობაშია:
"ჩვენი პროექტის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის. "ოცნება" აცხადებს, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას რიგი ჩვენი შენიშვნებისა გათვალისწინებული იქნება, მაგრამ დღეს, პირველი მოსმენით, სესიაზე თავიანთი პროექტის გატანას აპირებენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.


