დუგინი: "რუსეთმა ლევან ვასაძესა და მის მოძრაობას მეტი ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი"
26/05/2021 20:29:59 პოლიტიკა
კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი საკუთარ Youtube-არხზე საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ბიზნესმენ ლევან ვასაძესა და მის ახლადშექმნილ პოლიტიკურ მოძრაობაზეც საუბრობს.
დუგინი რუსეთის ხელისუფლებას ვასაძის მოძრაობით უფრო მეტად დაინტერესებისკენ მოუწოდებს და ამბობს იმასაც, რომ ვასაძე, როგორც "პატრიოტი და ნაციონალისტი ქართველი", რუსეთისთვის პრობლემა იქნება.
ამასთან, დუგინი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "სააკაშვილის ადგილი გაცილებით უფრო მოზომილმა ივანიშვილმა დაიკავა".
"ისევე, როგორც ყველა, ვინც სსრკ-ის ნგრევის შემდეგ ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა და კომუნისტური იდეოლოგიისგან გათავისუფლებული ლიბერალურ იდეოლოგიას დაექვემდებარა, საქართველოც გლობალისტური დასავლეთის მმართველობის ქვეშ მოექცა. საქართველოს დანარჩენებისგან ის თავისებურება განასხვავებდა, რომ მისი ხელისუფლება და მოსახლეობის ნაწილი შეეცადნენ, სხვებზე უფრო სწრაფად და შორს წასულიყვნენ ამ საქმეში, წყვეტდნენ რა ამასობაში ყოველგვარ კავშირს ლიბერალიზმთან სრულიად შეუთავსებელ მართლმადიდებლურ იდენტობასთან, რუსეთთან ისტორიულ კავშირთან, რომლის სიკეთეები ქართველებმა თითქოს ერთ საათში დაივიწყეს და საბჭოთა წარსულთან, რომელშიც ქართველებს, სტალინიდან მოყოლებული, არცთუ უკანასკნელი როლი ენიჭებოდათ. იმ დროიდან თბილისს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ ნატო-ურ ატლანტიკურ ლიბერალურ პოლუსად აღიქვამდნენ.
მხოლოდ 2012 წლისთვის, გამოიარა რა უამრავი რყევა, ომი, ტერიტორიებისა და სხვა დანაკარგები, საქართველომ ერთობ აიცრუა გული ჩრდილოატლანტიკურ პოლიტიკაზე - და შეურაცხადი სააკაშვილის ადგილი გაცილებით უფრო მოზომილმა ივანიშვილმა დაიკავა. რაღა თქმა უნდა, მას ატლანტიკური კურსი ევრაზიულით სრულად არ შეუცვლია, მაგრამ პოლიტიკა გაცილებით უფრო რაციონალური და შერაცხადი გახდა. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი კომპრომისი იყო და არ იძლეოდა პასუხს მთავარ კითხვაზე: როგორი უნდა გახდეს თანამედროვე საქართველო? საით უნდა იაროს მან? როგორია მისი იდენტობა? ვინ არის მისი მეგობარი და ვინ მტერი ახალ, მრავალპოლარულ მსოფლიოში?
2021 წელს ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკაც, საქართველოც და ქვეყანას არცთუ ეფექტური სტრუქტურა დაუტოვა "ქართული ოცნების" სახით. საქართველოს ბედისა და "ოცნების" საკითხი კვლავ ძალზე მწვავედ დადგა დღის წესრიგში. სააკაშვილის მომხრეებმა ნატო-სა და აშშ-ის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე, ასევე ლიბერალურ ტერორისტ სოროსზე დაყრდნობით (რომელიც ვერა და ვერ მოკვდა) რევანშისთვის დაიწყეს მზადება. და ეს - მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა ამ კურსს სადღეისოდ ერთხმად ეწინააღმდეგება. თუმცა არც "ქართული ოცნების" კომპრომისები, განსაკუთრებით - ივანიშვილის წასვლის შემდეგ, წარმოადგენს ალტერნატივას. სწორედ ამ ვითარებაში საქართველოში ახლახანს ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური ძალა - "ერი", რომელსაც ცნობილი ქართველი პოეტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე ლევან ვასაძე ჩაუდგა სათავეში.
ექსპერტებმა იმთავითვე უწინასწარმეტყველეს "ერს" გამარჯვება. ამან ნაწილში - აღფრთოვანება, ნაწილში კი აღშფოთება გამოიწვია. მაგრამ ამ ახალმა ძალამ მკვეთრად შეცვალა ბალანსი ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ - რუსებმა რა დამოკიდებულება უნდა ვიქონიოთ ლევან ვასაძისა და მისი ძალის მიმართ? აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პოზიტიურია, რომ "ერი" საქართველოს მართლმადიდებლურ იდენტობას, ტრადიციული საზოგადოების ნორმებთან დაბრუნებას ემხრობა, იცავს ტრადიციულ ოჯახს, მკვეთრად ეწინააღმდეგება გლობალიზმსა და ულტრალიბერალიზმს, კატეგორიულად უკუაგდებს გენდერულ პოლიტიკასა და cancel kulture-ს. თუმცა ამავდროულად, ლევან ვასაძე სულით ხორცამდე ქართველი პატრიოტია, გარკვეულწილად - ქართველი ნაციონალისტიც კი. იგი თავის პროგრამას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე აგებს და მის სრულ სუვერენიტეტს მოითხოვს. ამან შეიძლება, მოსკოვს გარკვეული პრობლემები შეუქმნას. ლევან ვასაძე - ის არამც და არამც არა პროდასავლური, მაგრამ არც პრორუსული პოლიტიკოსია. იქცევა თუ არა საქართველოს ისტორიისთვის ესოდენ მნიშვნელოვან მაისში ჩამოყალიბებული ახალი ძალა ქართული სახელმწიფოებრიობის ახალ ფურცლად - მოგვიანებით შევიტყობთ. თუმცა ყველა შემთხვევაში, საქართველო არის გასაღები მთელი ამიერკავკასიისგან. და თუ რუსეთს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში თავისი გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების გადაჭრა სურს, რაც ცალსახად პროდასავლელი მმართველის შემთხვევაში გამორიცხულია, მაგრამ თეორიულად შესაძლებელი ჭეშმარიტად ეროვნული ლიდერის პირობებში, მოსკოვი ლევან ვასაძის ფიგურასა და მის პოლიტიკურ მოძრაობას გულდასმით უნდა დააკვირდეს", – აცხადებს დუგინი.


