აშშ-ში საქართველოს ელჩი: "NATO-ს ლიდერებთან და პუტინთან ბაიდენის შეხვედრების დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც უნდა იყოს"
26/05/2021 15:58:51 პოლიტიკა
აშშ–ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ NATO-ს ლიდერებთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრების დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც უნდა იყოს.
როგორც ქართველი დიპლომატი აცხადებს, საქართველოს დამოუკიდებლობის 30–ე წლისთავზე ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი "განახლებული ამერიკული ყურადღება იქნება".
"შემდეგ თვეში აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს ლიდერებს შეხვდება. ამასთან, იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიის საკითხი უნდა დააყენონ, რათა გაუგზავნონ მოსკოვს ცალსახა გზავნილი, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავალში ინვესტიციებს დებს. უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რომ საქართველო იყოს დღის წესრიგში NATO–სა და პუტინთან ამერიკული მხარის შეხვედრების დღის წესრიგში. საქართველო აგრძელებს, დაუპირისპირდეს რუსულ ყოველდღიურ მცდელობას, რომელიც მიმართულია დომინირებისა და დაშინებისკენ, მაგრამ ჩვენ არ დავშინდებით. 2008 წლიდან რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების 20%–ის ოკუპაცია მოახდინა, რაც ხაზს უსვამს კრემლის დაუოკებელ აგრესიულ ქცევას მეზობლების მიმართ. რუსეთი და მარიონეტული "მთავრობები" ქაოსს ქმნიან საოკუპაციო ხაზთან - მცოცავი ანექსიით უარყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, უარს ამბობენ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე – გაიყვანონ ძალები და უკანონოდ ჩამორთმეული მიწა უკან დააბრუნონ. ამერიკის მხარდაჭერა, რომ საქართველო კვლავ გაერთიანდეს, კრიტიკულია. რუსეთის ჩარევა არ სრულდება მხოლოდ ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციით. კიბერ–შეტევები, ჰაკერები და ეკონომიკური ძარცვა რუსეთის ხრიკების ნაწილია. ამასთან, რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობა სულ უფრო იზრდება არა მხოლოდ უკრაინაში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონში, არამედ ჩვენს სამხრეთითაც. კერძოდ, აზერბაიჯანსა დ სომხეთს შორის უკანასკნელი კონფლიქტის შემდეგ მთიან ყარაბაღში რუსული ”სამშვიდობო” ჯარები ჩადგნენ", – აცხადებს ბაქრაძე.
როგორც ელჩი აღნიშნავს, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ქართველმა ხალხმა ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიულ ინსტიტუტები არსებობს.
დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით ერთ – ერთ საუკეთესო ადგილად არის აღიარებული მსოფლიოში.
მისივე თქმით, NATO–სა და ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს:
"საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა დასავლეთის, NATO–სა და ევროკავშირის წევრობის დაახლოებით 85%–იან მხარდაჭერას აჩვენებს".
ბაქრაძის განცხადებით, სადღეისოდ საქართველოს აშშ–ისა და მისი მოკავშირეების კიდევ უფრო ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება:
"საუკუნის განმავლობაში ჯანდაცვის კუთხით შექმნილი ყველაზე მძიმე ვითარების შემდეგ, ჩვენ ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭირდება ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმების, შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების, პოსტპანდემიური ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის, საქართველოს NATO–ში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროკავშირში შესვლისთვის საქართველოს მომზადების ხელშეწყობის გზით. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, შევინარჩუნოთ დასავლური კურსი. ჩვენ აშშ–ის გვერდით ვდგავართ, რომ ვიბრძოლოთ ყველა ადამიანის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში. ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც შეგვიძლია ,მივიღოთ ჩვენი დამოუკიდებლობის 30–ე წლისთავზე, იქნება განახლებული ამერიკული ყურადღება საქართველოზე, შავ ზღვაზე და ჩვენს კოლექტიურ თავისუფლებასა და შესაძლებლობებზე".


