“დემაგოგიაა“ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები სასამართლოში კლანის არსებობას უარყოფენ
26/05/2021 15:23:29 პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები სასამართლოში კლანის არსებობას უარყოფენ.
“კლანზე საუბრები დემაგოგიაა და მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. სასამართლო სისტემაში არსებობს სასამართლოს კორპორაცია და სასამართლოს მართავენ მოსამართლეები”, – ირწმუნება გოჩა აბუსერიძე.
ამასთან, მან იუსტიციის საბჭოში არჩევაზე წინასწარი შეთანხმება უარყო და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან მისი კანდიდატურის დასახელება მისთვისაც მოულოდნელი იყო.
“ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სასამართლო უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის. არანაირი ზეწოლა, წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა. მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატად. ერთ-ერთმა კოლეგამ წარმადგინა”, – განაცხადა აბუსერიძემ.
ბადრი შონია ამბობს, რომ დღეს კლანზე საუბარი უხერხულიც კია:
“დღეს ურიგოა და უხერხულია კლანზე საუბარი, 281-მა მოსამართლე წევრმა მომცა ხმა“,– განაცხადა შონიამ და ირწმუნება, რომ მზადაა ქვეყნის უკეთესი მართლმსაჯულებისთვის იბრძოლოს და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, იქნება ეს პარლამენტი თუ არასამთავრობო სექტორი.
მოსამართლეთა კონფერენციაზე, რომელსაც 284 მოსამართლე ესწრებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის 4 ვაკანტურ ადგილზე 4 კანდიდატი დასახელდა: თემურ გოგოხია, ბადრი შონია ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე.
მოსამართლეებმა ოთხივე მათგანი აირჩიეს მიუხედავად იმისა, რომ პროცესს ეწინააღმდეგებოდა არასამთავრობო სექტორი, ასევე, პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ჩართული დიპლომატიური კორპუსი. კონფერენციამ დღეს პროტესტის – „კლანი უნდა დასრულდეს“ ფონზე ჩაიარა.


