პრეზიდენტი: "ვისურვებდი, ახალგაზრდა თაობებს გენერალ კვინიტაძის მსგავსად ესმოდეთ, რამდენს ნიშნავს სახელმწიფოს სამსახურში ერთგულად ყოფნა"
26/05/2021 10:49:05 პოლიტიკა
"ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა თაობებს თქვენსავით სჯეროდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის და ესმოდეთ, რამდენს ნიშნავს ერთგულად სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის პანაშვიდზე განაცხადა.
პრეზიდენტის სიტყვას უცვლელად გათვაზობთ:
"ბატონო გენერალო,
ბატონო გიორგი,
დღეს თქვენ უსაყვარლეს, მონატრებულ ქართულ მიწას მიებარებით. ამით სრულდება ჩვენი ქვეყნის 100 წლიანი ეპოპეა და მთელი ეპოქა.
ეპოქა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობით დაიწყო და რუსული მე-11 არმიის თავდასხმითა და ოკუპაციით შეწყდა. ბედის ტრიალი 2021 წლის 26 მაისს სრულდება, როცა ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წელს აღვნიშნავთ და ამავე დროს თქვენ სამშობლოში სრული სამხედრო პატივით გაბრუნებთ.
ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი,
თქვენი საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა, რამეთუ ამ ჯარის ღირსების, შეუპოვრობის და მამაცობის განსახიერება ბრძანდებით.
საქართველოს დაუმარცხებელო მთავარსარდალო... დაუმარცხებელი ხართ, რადგან სასწავლებელში, რომელიც გენერალი გიორგი კვინიტაძის სახელს ამაყად ატარებს, ახალგაზრდა კადეტები თქვენს მაგალითზე აღიზრდებიან, თქვენი შემართებით და გულანთებული მამულიშვილობით. ეს არის მტერზე ნამდვილი გამარჯვება.
ისტორიული დღეა ქართული ემიგრაციისთვის. სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი.
100 წლის თავზე, ქართულ თავისუფალ მიწაზე, ჩვენი ასეთი შეხვედრა ნიშნავს, რომ გამართლდა თქვენი, მამაჩემის და ყველა სხვა ქართველი ემიგრანტის რწმენა: საქართველო უკვდავია და დამოუკიდებლობის აღდგენა გარდაუვალია! ის რწმენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შენელებულა და დღეს გამართლებულია!
ამიტომ დღეს მე აქ მოვედი არა მხოლოდ როგორც ის პატარა გოგო, რომელიც უფროსებთან ერთად თქვენს სანახავად მისული შთაბეჭდილებების ქვეშ გარინდული იდგა, არამედ როგორც უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი და მაშასადამე, თქვენი ჭირისუფალი.
თქვენს ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება, ანუ აღსრულდა ის ოცნება, რომელიც თქვენ საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრება გამოძრავებდათ, როცა შორიდან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიზანს ემსახურებოდით.
დღევანდელი დღე არა გლოვის, არამედ გამარჯვების და ახალი იმედების დღეა! ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა თაობებს თქვენსავით სჯეროდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის და ესმოდეთ, რამდენს ნიშნავს ერთგულად სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა.
მინდა, ყველას სახელით, მადლობა მოგახსენოთ ამ ერთგულებისა და თავდადებისთვის. დაე, თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის, ქალბატონი მარიამისთვის მსუბუქი ყოფილიყოს მშობლიური, ქართული მიწა. იყოს თქვენი საუკუნო ხსენება, საქართველოს დიდო მთავარსარდალო!".
ცნობისთვის: საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს. მას მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.


