პრეზიდენტი – ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე: "ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენგან მეტ მომზადებას, თანმიმდევრულობას და ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებას მოითხოვს"
26/05/2021 08:28:01 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ნატო–სა და ევროკავშირში მისწრაფებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენგან მეტ მომზადებას, თანმიმდევრულობას და ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებას მოითხოვს".
"ევროპაში საქართველოს ინტეგრაცია ჩვენი უალტერნატივო პერსპექტივა და მიზანია. მართალია, ამ გზას თავისი ეტაპები აქვს და ასოცირებით უმნიშვნელოვანესი საფეხური უკვე გავიარეთ, მაგრამ შემდეგი მიზნის მიღწევას, თუნდაც 2024 წლისათვის განაცხადის შეტანას, ჩვენ მიერ გაწერილი თანმიმდევრული ქმედებები სჭირდება. მით უმეტეს მაშინ, როცა რეგიონისა და საქართველოს სტაბილურობის მიმართ ევროკავშირის ინტერესი და ჩართულობა მკაფიოდაა გაზრდილი. ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენგან მეტ მომზადებას, ორგანიზებულობას, თანმიმდევრულობას, პროფესიონალიზმსა და ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებას მოითხოვს.
საკუთარი მიდგომა და გეგმა ასევე სჭირდება ნატო-ში ინტეგრაციის გზას. საქართველომ ნატო-ს მხარდაჭერით თავდაცვის ძალების რეფორმირებისა და სტანდარტიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები წარმატებით გაიარა. ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს 14 ივნისის სამიტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივას გაგვიხსნის. ჩვენ, ყველა ჩვენი პარტნიორის იმედი გვაქვს, თუმცა, თუ გვინდა, მიზანს სწრაფად მივაღწიოთ, არა მხოლოდ მათზე, არამედ, ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული. სიტყვებისა და ლოზუნგების გარდა, აუცილებელია, ერთი მხრივ, ჩვენი ძალისხმევა, მივმართოთ ერთიანობისკენ და, მეორე მხრივ, სტაბილურობისა და დემოკრატიულობის გამყარებისკენ", – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია:
"ნიშანდობლივია, რომ დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრებიან მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები: პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროპული სოლიდარობის და მხარდაჭერის პირდაპირი დასტურია".


