Accentnews.ge
ვინ ულოცავს საქართველოს 26 მაისს: "დამოუკიდებლობა მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს და ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ"

ვინ ულოცავს საქართველოს 26 მაისს: "დამოუკიდებლობა მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს და ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ"

26/05/2021 05:41:23 პოლიტიკა

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და პოლიტიკოსები საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი:

"ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე საქართველო. 26 მაისი არის შეხსენება იმის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ. ახლა თითქმის გადაჭრილი საპარლამენტო კრიზისი ამის კარგი მაგალითია. თქვენ გადააქციეთ გამოწვევა შესაძლებლობად და ახლა თქვენი პარლამენტი უფრო სამართლიანი და დემოკრატიულია, ვიდრე აქამდე იყო. უფრო დიდი გამოწვევა რჩება თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დეოკუპაცია რუსეთის ჯარისგან და ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის სახლებში დაბრუნება. ევროკავშირი თქვენს გვერდითაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბრძოლაში".

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი:

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას. ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში. ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა” - ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი:

„საქართველოს და ყველა მის მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ! ევროკავშირისთვის საქართველოსთან მჭიდრო კავშირი და პარტნიორობა საამაყოა! ერთობლივი მუშაობა საქართველოს მეტი ძლიერების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის გრძელდება!“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი:

„103 წლის წინ, 1918 წელს საქართველომ თავი დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. ოთხი წლის შემდეგ, 1922 წელს საბჭოთა კავშირმა საქართველოს ანექსია მოახდინა და მომდევნო 70 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდა. ამ პერიოდში ათასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ან გადაასახლეს. ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ დაკარგა დამოუკიდებელი სული. ისინი საიდუმლოდ, მაგრამ ამაყად აღნიშნავდნენ 26 მაისს თავიანთი უნიკალური კულტურითა და ისტორიით. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა და მომდევნო წელს შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ქართველი და ამერიკელი ხალხები თავისუფლების სიყვარულს, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილს საბჭოთა ოკუპაციის დროსაც მნიშვნელოვან კონტაქტს ინარჩუნებდნენ. როგორც 1921 წელს მარო მაყაშვილი სწერდა მამას, „ნუ გეშინიათ გავიმარჯვოთ სახელოვნად!“, საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვა. საქართველო გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!".

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი:

„თბილი მილოცვა ლატვიიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად“.

საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა:

„მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს მათი მშვენიერი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. დაე, თქვენმა დროშამ ყოველთვის იფრიალოს მაღლა და ამაყად და თქვენი თავისუფლებისადმი სწრაფვა იყოს დაუნდობელი. ლიეტუვა გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას ამ ღირსეულ გზაზე“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ:

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მოლოცვები. საქართველო პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები გვაქვს. თბილისის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების 30 წლის იუბილე სიამაყისა და რეფლექსიის საფუძველია. გარწმუნებთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე მის პროდასავლურ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და ევროკავშირისა და ნატოში – მომავალ სრულ წევრობას".

საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი:

ნორვეგიის ელჩმა მილოცვის გამოაქვეყნა, რომელშიც ის მოქალაქეებს ქართულ ენაზეც მიმართავს. დიპლომატი აცხადებს, რომ მაისის თვეში, ნორვეგიაც, საქართველოს მსგავსად, ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს.

იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პიერო ფასინო:

„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავს. იტალიასა და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროში და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ვუყურებთ, როგორც მეგობარ ქვეყანას და გვსურს, რომ თავის მხრივ, ქართველებმაც მიიღონ იტალია მეგობარ ქვეყნად“.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრი რაზუმკოვი:

„ვულოცავთ საქართველოს – უკრაინის საიმედო მეგობარს და სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ კეთილდღეობას და წარმატებას. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვს საერთო – ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ“.

საქართველოში გერმანიის საელჩო:

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი:

„თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში“, - აღნიშნულია თურქეთი პრეზიდენტის მიერ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს, რომელიც 1-ელ ივნისს შედგება:

„მოხარული ვარ, რომ 2021 წლის 1 ივნისს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის დროს გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა“.

კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორი ელენი კოუნალაკისი:

"მოხარული ვარ, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილე. კალიფორნია ამაყობს, რომ მასპინძლობს სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალ გენერალურ საკონსულოს. ჩვენ სულმოუთქმელად ველით მეგობრობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მომდევნო თვეებსა და წლებში. გილოცავთ თქვენი ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს და ყველა ქართველს, ქვეყნის მასშტაბით და მთელს მსოფლიოში“.

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა:

"ძვირფასო ქართველო მეგობრებო! ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას, შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები. თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაც იქნება! ჩემი ქვეყანა არასდროს შეურიგდება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას რუსეთის მიერ. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დღეს მე ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ქართველი ხალხი ამაყია საკუთარი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით. ლიეტუველი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო განწყობასა და სურვილებს თითოეულ თქვენგანს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო“.

​შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ანდრეას აები:

„30 წლის წინ, 1991 წლის 26 მაისს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩემი თანაქალაქელების სახელით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.

დამოუკიდებლობის 30 წლისთავი თავის მხრივ ნიშნავს კარგი დიპლომატიური ურთიერთობების არსებობას ჩვენს ქვეყნებს შორის. საქართველოსა და შვეიცარიის მეგობრობას კი ბევრად უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. თითქმის 200 წლის წინ შვეიცარიელი მკვლევარი ფრედერიკ დუბუა პირველად გაემგზავრა საქართველოში. მასზე, როგორც სხვა ბევრ შვეიცარიელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ლანდშაფტმა და თვალუწვდენელი მთების სიმშვენიერემ. თქვენს ქვეყანაში შვეიცარიელები თავს როგორც სამშობლოში ისე გრძნობდნენ, მაგალითად, როგორც ტიჩინოში ან ვალისსში. საქართველოში პირველი შვეიცარიული თემი 160 წლის წინ დაფუძნდა თბილისის მიდამოებში, მისი წევრები იყვნენ მასწავლებლები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები და ასევე ფერმერები. ცნობილია, რომ ყველის ქარხნული წარმოება საქართველოში შვეიცარიელებმა დაიწყეს.

დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტებს ნაყოფიერი და ხშირი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. შვეიცარია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისთვის დაკისრებულ მედიატორის როლს რუსეთ-საქართველოს შორის. მივესალმებით წინგადადგმულ ნაბიჯებს ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში. მე უკვე გახლდით საქართველოში. თბილისში ყოფნის დროს ჩემზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმარ-მასპინძლობამ, საქართველოს მდიდარმა კულტურამ და, რა თქმა უნდა, ღვინოც საუკეთესო მოგონებად მრჩება.

ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს და განსაკუთრებით იმ ქართველებს, რომლებმაც შვეიცარიაში მეორე სამშობლო იპოვეს, ვუსურვებ მშვიდობიან, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს. გულითად მოკითხვას ვუთვლი ამჟამად საქართველოში მცხოვრებ შვეიცარიის მოქალაქეებს".

უკრაინის პრემიერ–მინისტრი დენის შმიგალი:

"უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც იქნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი სახელმწიფოების წარმატებული წინ წაწევის ეფექტური ინსტრუმენტი. საქართველოს და უკრაინას აქვთ მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, რასაც ხელს შეუწყობს, კერძოდ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ეფექტური საქმიანობა".

ლიეტუვის პრემიერ–მინისტრი ინგრიდა სიმონიტე:

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო! ყოველთვის შეგიძლიათ, ლიეტუვის იმედი გქონდეთ, დემოკრატიული რეფორმების აღსრულებასა და თქვენს ევროპული და ევროატლანტიკურ გზაზე. უფრო ძლიერი და დაცული საქართველო ნიშნავს უფრო ძლიერ და დაცულ ევროპას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს".

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაში უტო:

„იაპონიის მთავრობის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! იაპონიისთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელთანაც ისეთი საერთო ღირებულებები გვაქვს, როგორიცაა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვ. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლებში იაპონიასა და საქართველოს ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, და სხვა სფეროებში გაღრმავდა ფა განვითარდა. ეკონომიკის კუთხით, იანვარში ჩვენს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებასა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გუშინ მიულოცეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის პატივსაცემად სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. მათ შორის იყოს კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის სამი ისტორიული ხიდი, ხოლო ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა (რატუშა) და ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი.

ბრაზილიაში განათდა სან პაულოს შტატის ინდუსტრიათა ფედერაცია, რიო- დე- ჟანეიროში კი საქართველოს დროში ფერებში ქრისტეს ცნობილი ქანდაკება.

2021 წლის 25 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავის საპატივცემულოდ ქართული დროშის ფერებითა და ეროვნული სიმბოლიკით განათდა წმინდა პავლეს ქალაქის მთავარ გამზირზე, „ავენიდა პაულისტაზე“ მდებარე განთქმული ცათამბჯენი - FIESP-ის შენობა.

კანადაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მერიამ პირველად საქართველოს დროშა აღმართა.

ბელგიაში, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართა.

ხოლო ბულგარეთში ქართული დროშის ფერებით განათდა კულტურის ეროვნული სასახლე, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი - სკოპიეს არქეოლოგიური მუზეუმი.

თურქეთში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ანკარის მთავარი სიმბოლო - „ათაქულეს კოშკი“ და სხვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S