კობახიძე: "დღეს საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში"
26/05/2021 05:22:41 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირალი კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"დღეს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს ასრულდა არა მხოლოდ ქართველი ხალხის ოცნება, არამედ აღდგა ისტორიული სამართლიანობაც. მაშინ საქართველო დაუბრუნდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც, ჩვენი გული სიამაყით ივსება, რადგან ქართველმა ხალხმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეძლო იმ დროისათვის პროგრესული, მოწინავე და ღირსეული სახელმწიფოს შექმნა. დღეს საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში.გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვისურვებ, რომ ყველამ ერთად მომავალ თაობებს გადავცეთ გაძლიერებული და გამთლიანებული საქართველო!", – ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
ეროვნული საბჭოს დადგენილებით 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.


