"დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება" – კობახიძე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე საუბრობს
25/05/2021 19:07:26 პოლიტიკა
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციები შეაფასა და აქციის "საეჭვო დაფინანსებაზე" გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, „რეალურად გამოჩნდა, რომ პროტესტს მყარი საფუძველი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი, რის გარშემოც პროტესტის აგორების მცდელობა იყო":
"ამ ყველაფერთან დაკავშირებით ექსპერტული დისკუსია უნდა გაიმართოს, რაც მნიშვნელოვანია. თუ სადმე ასეთი დისკუსიის და კომუნიკაციის ნაკლოვანება არის, ეს უნდა შეივსოს, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს, თბილისის პარალიზება აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი იყო, რომელმაც ვერ პოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, აქედან გამომდინარე, არასწორი ნაბიჯის გამო, საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქცია“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე აქციების დაფინანსების საკითხზე აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს:
„როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული, როგორც კომერციული, ასევე პოლიტიკური ინტერესებია. თუმცა, ამ ყველაფერს ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან საზოგადოებას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. გამოძიებაზე არ არის აქ საუბარი, როცა გარკვეული საპროტესტო აქცია ფინანსდება, ეს შეიძლება იყოს ლეგიტიმური, მაგრამ თუ ამის უკან რაიმე სხვა ნიშნებია, ბუნებრივია, ამის შესწავლა შეიძლება. ეჭვების დონეზე, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ის, რომ საქართველო არ იყოს სათანადოდ დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით, თუმცა, ეჭვებზე საუბარს ჯობს დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით მივაწოდოთ საზოგადოებას".
ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიტა მუსელიანმა თქვა, რომ მზად არიან გაასაჯაროონ იმ პირების ვინაობა, ვინც მათ თანხა გადაურიცხა.


