სულაშვილი: "ყველა უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისის ღამეს დანაშაულში მიუძღვის წვლილი"
24/05/2021 16:00:33 პოლიტიკა
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავებული გიორგი სულაშვილი აცხადებს, რომ ყველა უნდა დაისაჯოს, ვისაც ხსენებულ ღამეს დანაშაულში მიუძღვის წვლილი.
„მე არ მაინტერესებს საერთოდ, თუ ვინ რას აწერს ხელს და რა ხელშეკრულებები იდება და ა. შ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ 20 ივნისის ღამეს ვერ წაშლით ვერანაირი ხელმოწერით. თითოეული ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისის ღამის შესრულებაში მიუძღვის წვლილი, ეს იქნება პოლიციელი, რომელმაც გაისროლა თუ ადამიანი, რომელმაც ბრძანება გასცა... არ გაისვრიან, თუ არ აქვთ დავალება", – განაცხადა სულაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
სულაშვილმა, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა:
„8 ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლები ცალ მხარეს საერთოდ არ მაქვს და თუ რამე სახის ძვალი მაქვს, იცოდეთ, რომ გადანერგილი მაქვს. არ არის ლაპარაკი მხოლოდ თვალის დაკარგვაზე, ცალ მხარეს არაფერი არ მქონდა. ქართულ ლექსიკონში სიტყვათა მარაგი არ მეყოფა, რომ აღვწერო, რა გადავიტანეთ. დღესაც მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამ ყველაფერს ემატება გაუთავებელი პროცესი იმ ადამიანების დაუსჯელობისა, რომლებმაც თვალი ამოგვთხარეს".
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა უკვე კენჭი უყარა ამნისტიის შესახებ წარმოდგენილ ორ კანონპროექტს, რომლებიც 19-21 ივნისის მოვლენების მონაწილე პირების ამნისტირებას ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი იყო როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის კანონპროექტები. უმრავლესობამ მხარი მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ამნისტია გავრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა, მათ შორის მათზე, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს ჯარიმა და ის ამ დრომდე გადაუხდელია.
ამავე კანონმდებლობით, ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დანაშაულისთვის , წამებისთვის, წამების მუქარისთვის და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის.


