აშშ–ის ელჩი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა კონფერენციის გადადებისკენ მოუწოდებს
24/05/2021 14:43:15 პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა კონფერენციის გადადებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნა ახალი, რეფორმირებული და უფრო ძლიერი სისტემის თანახმად უნდა მოხდეს, რომელიც დაინტერესებული მხარეების და პოლიტიკური პარტიების ინკლუზიური დებატების შედეგად შეიქმნება.
„მოვუწოდებთ საბჭოს, გადადოს შეხვედრა და მჯერა, რომ მისი გადადება შესაძლებელია ივლისამდე იმისთვის, რომ რეფორმები, რომლის მიზანი უფრო თავისუფალი სასამართლოს სისტემის შექმნაა, ინკლუზიური ფორმით წარმატებულად გაგრძელდეს. იმედი მაქვს, საბჭო ამას გაითვალისწინებს და მოსამართლეების შერჩევის პროცესს გადადებს“, - განაცხადა დეგნანმა.
მისი თქმით, არ არის გასაკვირი, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეული წინააღმდეგობა არსებობს.
„ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია მრავალი წლის განმავლობაში და ასევე 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. შეერთებული შტატები დიდი ხანია, საქართველოსთან მუშაობს და ეხმარება მას სასამართლო სისტემის გაძლიერებაში, იმაში, რომ ის უფრო დამოუკიდებელი გახდეს. საქართველოში არის ბევრი კარგი პროკურორი, მოსამართლე, რომლებსაც სურთ, კანონი გამოიყენონ პოლიტიკური ჩარევის გარეშე და ეთიკური სტანდარტების დაცვით“, - განაცხადა ელჩმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისისთვის დაინიშნა. კონფერენციაზე შერჩეულმა კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია უნდა ჩაანაცვლონ. ხსენებულ პირებს უფლებამოსილების ვადა ივნისის ბოლოს ეწურებათ.
საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კონფერენცია მაქსიმალურად ადრე დაინიშნა და ამის მიზანია, სასამართლო სისტემაში არსებულმა გავლენიანმა ჯგუფმა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება.


