კომიტეტმა 20 ივნისის ამნისტიაზე "ოცნების" კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ოპოზიციისას არა
24/05/2021 12:31:36 პოლიტიკა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობის ამნისტიის პროექტს დაუჭირა მხარი. ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიულმა საკანონმდებლო ინიციატივამ, რომელიც დეპუტატმა შალვა შავგულიძემ წარადგინა, კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო.
დღესვე განხილვის პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება.
დისკუსიის საგანი პარლამენტში წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელთაგან ერთი - "ქართულ ოცნებას", ხოლო მეორე საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის.
„ქართული ოცნების" პროექტით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და უარს არ აცხადებს, მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ოპოზიციის პროექტის ძირითადი არსი არის ის, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები თავისუფლდებიან, ნასამართლეობის მოხსნით. ამასთან, ოპოზიციის პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო მოხელის არასათანადო ქმედების შედეგად დაზარალებული პირის თანხმობას.


