გახარიას გუნდის შეთავაზება: "ამნისტია არ გავრცელდეს თანამდებობის პირებზე"
24/05/2021 08:32:59 პოლიტიკა
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელი ანა ბუჩუკური საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიაზე კონსენსუსითვის წინადადებას სთავაზობს.
მისი თქმით, ამნისტია თანამდებობის პირებზე არ უნდა გავრცელდეს, თუმცა უნდა შეეხოს ყველა პოლიციელს.
"სამწუხაროდ, დღეს წარმოდგენილია ორი სხვადასხვა პროექტი. ორივე მხარეს კონსენსუსი შევთავაზეთ, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულებულად ჩაითვალოს, უმრავლესობამ გაიზიაროს ოპოზიციის პოზიცია და არ გაავრცელოს ამნისტია სახელმწიფო თანამდებობის პირებზე, ანუ, იმ პირებზე, რომელთაც ეს თანამდებობა ეკავათ 19-20 ივნისს. ამის სანაცვლოდ ოპოზიციამ დათმოს და ამნისტია გავრცელდეს ყველა პოლიციელზე, ყოველგვარი მოთხოვნის და წინაპირობების გარეშე. ეს იქნება გზა, რომ მოხდეს შეთანხმება და რეალურად შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტი. სხვა შემთხვევაში, ვერავინ დაიბრალებს, რომ ეს შეთანხმება კეთილსინდისიერად შეასრულა. უმრავლესობის გაღიზიანება მესმის, რითაც ბოლო პერიოდში გამოირჩევა უმრავლესობა გახარიას მიმართ. მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი. გასაგებია, რომ ნერვიულობენ, მაგრამ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. გიორგი გახარიამ არაერთხელ გასცა კითხვებს პასუხები, ის ყველა კითხვას, რაც შეიძლება იყოს, უპასუხებს. კარგად გახსოვთ, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის კომპლექსი არ ჰქონდა. იმისათვის, რომ ყოველგვარი სპეკულაცია გამოირიცხოს, ეს ინიციატივა დავაყენეთ. ნახეთ, რომ ჩემმა ინიციატივამ უმრავლესობაში კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ მათ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
მისივე თქმით, ექს–პრემიერ გახარიას, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა, “საამნისტიო არაფერი სჭირს”.


