ღარიბაშვილმა ჰესის წინააღმდეგ პროტესტის კონტექსტში „სამოქალაქო ომი“ ახსენა
24/05/2021 07:30:41 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტერი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის წინააღმდეგ ამჯერად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.
ამასთან, მან პროტესტის კონტაქტსში 1990–იანი წლები და სამოქალაქო ომი ახსენა.
„რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი ბნელი 90–იანი წლების გადმონაშთია. კარგად გვახსოვს ის ბნელი პერიოდი, როდესაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი“ სპეციალისტი ენერგეტკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მოვიღეთ, კარგად მოგეხსენებათ – მივიღეთ სამოქალაქო ომი, ჩვენ თვითონ დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და ოკუპაციაც იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია: დავკარგეთ მიწა–წყალი.
აქედან გამომდინარე, მინდა, ამ ადამიანს [„რიონის ხეომის მცველებს“ – რედ] მივმართო, მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით. ვინც კანონის ფარგლებს მიღმა გადავა, სახელმწიფოს რეაგირება ექნება“,– განაცხადა ღარიბაშვილმა თემის კომენტირებისას.
ამასთან, ღარიბაშვილი ამბობს, რომ პროექტის დეტალური შესწავლა მოხდება:
„სპეცალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც დეტალურად შეისწავლის პროექტის ყველა დეტალს. იუსტიციის სამინისტროს დავავალე, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა პროექტის შესაბამისობის საერთაშორისო პრაქტიკასთან. თვის ბოლოს ინვესტორი კომპანიის დამფუძნეველს ვხვდები, რომელიც თბილისს ეწვევა. თავად ვარ ჩართული, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში“.


