Accentnews.ge
მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა

მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა

24/05/2021 06:08:52 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო.

2021 წლის 21 იანვრიდან მარიამ ქვრივიშვილი პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა, ხოლო 2021 წლის 18 თებერვლიდან - საქართველოს პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის სამეფოს, ლიბანის რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, პოლონეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, საუდის არაბეთის სამეფოს, საფრანგეთის რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრია. საქართველოს პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო. 2010 - 2012 წლებში ქვრივიშვილი „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. მარიამ ქვრივიშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM Business School) მაგისტრატურის კანდიდატი, ასევე დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი (მარკეტინგის განხრით) და ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი კალიფორნიაში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S