წულუკიანი – გელათზე: "ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე"
20/05/2021 09:21:21 პოლიტიკა
კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკმაყოფილა მოთხოვნა გელათში, ხარაჩოებზე არაუფლებამოსილი პირი აღარ აუშვან.
"მინდა, ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებთ ასეთ, ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც სამწუხაროდ ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის", – განაცხადა წულუკიანმა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათში კედლიდან მასის ჩამოვარდნას "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლის ხარაჩოზე ასვლასა და გადაადგილებას აბრალებს.
"არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება", - ნათქვამია 19 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 19 მაისს "ევროპა ჩვენი სახლის" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა ვიდეო გელათის შესახებ,რომელშიც ამბობს, რომ იქ წყალი ისევ ჩადის.
"აქ კარგად ჩანს გაჟღენთილი კედელი გუშინწინდელი წვიმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვარწმუნებს, რომ პრობლემა აღარ არსებობს, ფაქტი სახეზეა - კედელი სველია, ბათქაში ისევ ჩამოცვენილია", - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.


