სააკაშვილი: "ნიკა ვერ გატეხეს, ციხისა და რეპრესიების შიში საერთოდ გააქრო"
18/05/2021 16:15:03 პოლიტიკა
"ნიკა ვერ გატეხეს, ციხისა და რეპრესიების შიში საერთოდ გააქრო", – აცხადებს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შეხვედრისას.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია კიევშია ჩამოსული. მე მის ადგილას დავისვენებდი ციხის შემდეგ, მაგრამ რასაც ვატყობ, იმხელა ენერგია აქვს ერთი წამით არ შეუძლია დაჯდომა, დასვენება. ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას და ძალიან მაღალი ტალღა ასწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ჩემი აზრით, ეს მართლაც უნიკალური კომბინაციაა. ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ. აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, შეუვალობით და პრინციპულობით. მგონი, ჩვენ ხალხს ყველაფერი გამოუვა, სხვანაირად არ შეიძლება. ამდენი წელია ხალხი შვებას და რაღაც წინსვლას ელოდება. ჩემი აზრით, ნიკა უკვე გამარჯვებულია, რადგან ვერ გატეხეს. ციხის შიში საერთოდ გააქრო. მან გააქრო შიში რეპრესიების, ზეწოლის, სხვადასხვა პირობითობის, რადგან როცა ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, მერე სხვები ვალდებულნი არიან, მიყვნენ მის გამბედაობას და სტანდარტს, ეს არის გარდამტეხი მომენტი, განსაკუთრებით, მისი ბოლო საქციელი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ტალღა, ახალი ძალა მიეცა ჩვენს ხალხს“, – აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილთან მყოფი ნიკა მელია აცხადებს, რომ მათ შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.
„ჭორებს ავრცელებენ, რომ რაღაც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. პირიქით. ვითარება არის მკვეთრად პირიქით“, – აცხადებს მელია.
მისივე თქმით, „იმაზე გონიერი ხალხია ახლა ენმ-ში, ვიდრე მავანს ჰგონია".
"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ პროვოკაციაზე წამოგვაგონ“, – დასძინა მან.


