„გამოვთქვამთ რწმენას, თითოეული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, გაიზიარებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას“
17/05/2021 19:13:32 პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დღის ბოლოს დმანისში განვიტარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დღის განმავლობაში სხვადასხვა პირების მხრიდან გაჟღერებული გარკვეული შეფასებები მიუღებელია.
„16 მაისის საღამოს ქალაქ დმანისში, მოქალაქეებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, სამწუხაროდ, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტიდან გამომდინარე ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან განხორციელდა სათანადო რეაგირება, სამართალდამცავი სამსახურების მიერ კომპეტენციის თანახმად დაძაბულობის დეესკალაციისთვის გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები და გატარდა სამართლებრივი ზომები.
მიუღებელია დღის განმავლობაში სხვადასხვა პირების მხრიდან გაჟღერებული გარკვეული შეფასებები, რაც მიზანმიმართულად თუ უნებლიედ, შესაძლოა აღნიშნული ინციდენტის ეთნიკურ ჭრილში წარმოჩენის მცდელობას ემსახურებოდეს.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რასაც მსგავს სიტუაციებში შეუძლია გამოიწვიოს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა სახელმწიფოსა და ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესების საზიანოდ“.
ამასთან, როგორც ახვლედიანის უწყებაში აღნიშნავენ, მიესალმებიან „ინციდენტის აღმოფხვრას“ და რწმენას გამოთქვამენ, „ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულად გაიზიარებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განსამტკიცებლად, რაც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია“.


