Accentnews.ge
რომელი კომპანიები "კვებავენ" კრემლის პროპაგანდისტულ საიტებს

რომელი კომპანიები "კვებავენ" კრემლის პროპაგანდისტულ საიტებს

17/05/2021 10:11:30 პოლიტიკა

მედიის განვითარების ფონდმა ღია საინფორმაციო პარტნიორობის (Open Information Partnership) კვლევითი პროექტის ფარგლებში მოამზადა ანგარიში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 5 ქვეყნის (ლიეტუვა, საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი, პოლონეთი) კვლევითი ორგანიზაციები კრემლის პროპაგანდისტულ ვებ-საიტებზე Google ads-ის მეშვეობით ადგილობრივი კომპანიების პროდუქციის რეკლამის განთავსების საკითხს სწავლობდნენ.

ანგარიშის პირველი ნაწილი ეთმობა ქართული კომპანიების რეკლამების განთავსებას კრემლის პროპაგანდისტულ ვებ-გვერდებზე, ხოლო მეორე ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებად სპუტნიკზე განთავსებულ რეკლამებს. მესამე ნაწილში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა კომპანიამ მოახდინა რეაგირება კვლევის მიგნებებზე. ბოლო ნაწილი კი იმ მედიების პროფილებს მიმოიხილავს, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტული პლატფორმებია.

კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • გამოვლინდა 15 ქართული ან საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელთა რეკლამებიც კრემლის პროპაგანდისტულ 8 ვებ-გვერდზე ხვდებოდა. ეს კომპანიებია: ალტა, იაკობს საქართველო, ლენოვო საქართველო, სილქნეთი, ბეთლაივი, ბეკო, ბოქსეტე, სამსუნგი, ევროკრედიტი, GWG, თბილისი მედიკი, თეგეტა მოტორსი, ვოლვო საქართველო, ვიზა საქართველო და ზუმერი.
  • მედიის განვითარების ფონდი კვლევის შედეგების გაცნობის მიზნით 11 კომპანიას დაუკავშირდა, რომელთაგან მხოლოდ ორი - ბოქსეტე და ზუმერი გამოგვეხმაურა. ზუმერის ცნობით, პროპაგანდისტული ვებ-საიტებიდან საკუთარი რეკლამის ამოღების თხოვნით მათ შუამავალ სარეკლამო კომპანიას მიმართეს, რომელიც რეკლამის განთავსებაზე იყო პასუხისმგებელი.
  • გამოვლინდა 83 კომპანია, რომელიც სპუტნიკის 6 ვებ-გვერდზე რეკლამებს ათავსებდა, მათგან მხოლოდ ერთი - სამშენებლო კომპანია "ნექსთ გრინია" საქართველოში რეგისტრირებული.

მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგია Open Information Partnership-ის კვლევითი ჯგუფის წევრი 5 ქვეყნისთვის Propastop-ის მიერ შემუშავდა და ის მონიტორინგის ორ ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე ამ ქვეყნებში მოქმედი კრემლისგან დაფინანსებული მედიის ვებ-საიტებზე Google Ads-ის საშუალებით განთავსებული კომპანიების რეკლამების იდენტიფიცირება ხდებოდა. მეორე ეტაპზე Google-ის რეკლამების მონიტორინგი დამატებით კრემლის პროპაგანდისტულ რუსულენოვან გამოცემებზე ხორციელდებოდა.

კვლევის მიმდინარეობისას თითოეულ საიტზე განთავსებული Google-ის რეკლამების შემოწმება დღის სამ სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა ინტენსივობით ხდებოდა. აღირიცხებოდა ყოველი ახალი კომპანია, რომლის პროდუქტის ან სერვისის რეკლამის საიტზე განთავსება ხდებოდა.

მონიტორინგის მეთოდოლოგია კვლევის შედეგად გამოვლენილ კომპანიებთან კომუნიკაციას ითვალისწინებდა, რაც მიზნად მათ ინფორმირებას ისახავდა.

კვლევის სუბიექტები. მედიის განვითარების ფონდი დროის 2 მონაკვეთში: 22 თებერვლიდან 5 მარტამდე და 11-14 მარტს დღის სხვადასხვა მონკავეთში კრემლის პროპაგანდისტულ 14 ვებ-გვერდს აკვირდებოდა

მედია საშუალებების პროფილები, სადაც რეკლამები თავსდებოდა

ქვემოთმოცემული ყველა გამოცემა EUvsDisinfo-ს[1] დეზინფორმაციის მიმოხილვაში ხშირად ფიგურირებს.

Rusvesna.su თანამშრომლობს ისეთ სეპარატისტულ მოძრაობებთან, როგორებიცაა “ანტიმაიდანი” და “ნოვორასიის” კონფედერაცია. გამოცემა რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურმა 2015 წელს დაარეგისტრირა. Rusvesna სხვადასხვა დროს 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ კრემლისტურ დეზინფორმაციებს ავრცელებდა.

Lenta.ru რუსული მედიაკომპანია Rambler Group-ს ეკუთვნის. 2019 წლის მონაცემებით, კომპანიის 46.5% რუსეთის უდიდეს სახელმწიფოს კონტროლირებულ ბანკს - “სბერბანკს” ეკუთვნოდა, დანარჩენი წილის მფლობელი კი რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ მამუტია. Lenta.ru-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციები საქართველოშიც არა ერთხელ გავრცელდა.

Взгляд-ი 2005 წელს მოქმედი ლიბერალური გამოცემების საპირწონედ შეიქმნა, vz.ru-ს ვებსაიტს დღეს კრემლთან დაკავშირებული სოციალური კვლევების ინსტიტუტი ЭИСИ გამოსცემს.

Sputnik - “სპუტნიკი” მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მედია პლატფორმას წარმოადგენს, გამოცემა რუსეთის მთავრობის დადგენილებით 2013 წელს შექმნილ სააგენტო Rossiya Segodnya-ს ეკუთვნის და კრემლისტური დეზინფორმაციები საქართველოსთან ან სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა. საქართველოში სპუტნიკი ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა.

Gazeta.ru რუსული მედიაკომპანია Rambler Group-ს ეკუთვნის. 2019 წლის მონაცემებით, კომპანიის 46.5% რუსეთის უდიდეს სახელმწიფოს კონტროლირებულ ბანკს - “სბერბანკს” ეკუთვნოდა, დანარჩენი წილის მფლობელი კი რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ მამუტია.

Kp.ru ონლაინ გამოცემა Комсомольская правда-ს საგამომცემლო სახლის მფლობელობაში შედის. Комсомольская правда გრიგორი ბერეჟკინის საკუთრებაა, ბერეჟკინი რუსი ბიზნესმენია, რომელიც KP-ს გარდა, მასშტაბურ მედიაჰოლდინგს RBC-საც ფლობს და კრემლთან მჭირდო კავშირები აქვს. KP-ს ყოფილი ჟურნალისტი გალინა ზაპოჟნიკოვა ლიეტუვაში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

EADaily გამოცემა 2015 წელს ბორის სორკინმა დაარსა, სორკინის დაფუძნებულია ცნობილი რუსული მედიასაშუალება Regnum-იც. Regnum-ის ყოფილი აღმასრულებელი რედაქტორსა და EADaily-ის კიდევ ერთი დამფუძენებლს ვიგენ აკოპიანს რუსეთ-უკრაინის დროს უკრაინის საწინააღმდეგო ჟურნალისტური საქმიანობის გამო უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. EADaily სხვადასხვა დროს საქართველოს, ბელორუსიისა და ესტონეთის შესახებ ყალბ მტკიცებებს ავრცელებდა.

Aif.ru გამოცემა 1978 წელს დაარსდა და რუსული ბანკის Promsvyazbank-ის მიერ ფინანსდებოდა.2014 წელს გამოცემა მოსკოვის მთავრობამ შეიძინა. ამჟამად მისი აღმასრულებელი რედაქტორია იგორ ჩერნიაკი, რომელიც აქამდე რუსული სამთავრობო გაზეთის “რუსული გაზეთის” რედაქტორის მოადგილე იყო.

რეკლამის განმათავსებელი კომპანიების რეაგირება კვლევის მიგნებებზე

მონიტორინგის პროცესის დასრულების შემდეგ მედიის განვითარების ფონდი 11 ადგილობრივ კომპანიას დაუკავშირდა. ეს კომპანიებია: ალტა, ბეთლაივი, ბოქსეტე, ევროკრედიტი, იაკობს საქართველო, სამსუნგ საქართველო, სილქნეტი, ზუმერი, თეგეტა მოტორსი, ვიზა საქართველო, ვოლვო საქართველო. “თბილისი მედიკისა” და “ბეკო საქართველოს” ვებზე მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე წერილების გაგზავნა ვერ მოხერხდა, რადგან ისინი უკან დაბრუნდა.

ანგარიშს თერთმეტიდან ორი კომპანია - ზუმერი და ბოქსეტე გამოეხმაურა.

Zoomer-მა საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ კომპანიისთვის მათი რეკლამების კრემლის პროპაგანდისტულ საიტებზე განთავსების შესახებ ცნობილი არ იყო, რადგან Google Ads-ის სარეკლამო კამპანიას შუამავალი კომპანიის დახმარებით აწარმოებდნენ, მედიის განვითარების ფონდის წერილის მიღების შემდეგ კი დაქირავებულ კომპანიას დაუკავშირდნენ და რეკლამების განთავსების ადგილებიდან როგორც პროპაგანდისტული, ისე სხვა რუსული საიტების ამოღება მოითხოვეს.

მედიის განვითარების ფონდის წერილს კიდევ ერთი ადგილობრივი კომპანია Boxette გამოეხმაურა, კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, კონკრეტულად კრემლის პროპაგანდისტულ საიტებზე რეკლამის განთავსება მათი თვითმიზანი არ ყოფილა, თუმცა ამ შინაარსის საიტების ერთიანად გამორიცხვის მექანიზმის არარსებობის გამო გამოსავალს ვერ ხედავდნენ. მედიის განვითარების ფონდმა კომპანიას პროპაგანდისტული ვებსაიტებიდან რეკლამების ამოღების გზების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა, თუმცა კომპანიას საბოლოო პასუხი მათი გადაწყვეტილების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების დროს არ მოუწოდებია.

კვლევა სრულად იხილეთ აქ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S