"ჩემი პოზიციაა, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს"
13/05/2021 12:22:10 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია პარლამენტში შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მსჯელობს და გადაწყვეტილების მიღების ფორმის სხვადასხვა ვერსია განიხილება, თუმცა, თავად მიიჩნევს, რომ ენმ საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიდეს.
უდუმაშვილი ამბობს, რომ ენმ დიდი პარტიაა და ხსენებულ საკითხზე მსჯელობაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს, როგორც პოლიტსაბჭოს წევრები, ისე ზოგადად პარტიის წარმომადგენლებიც.
"პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და 1-2 დღეში არ დასრულდება...რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ამაზე პარტიაში სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიაა, როგორც ნიკა მელია იქნა არჩეული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ამ მეთოდით იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ასევე არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, არის ვერსია, რომ პოლიტსაბჭოს გაფართოებულმა შემადგენლობამ მიიღოს გადაწყვეტილება, სადაც სხვა ხალხიც დაემატება გარდა პოლიტსაბჭოს წევრებისა. ეს რამდენიმე ვერსია არსებობს და მუშავდება, და საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ, უახლოეს დღეებში მივიღებთ, თუ რა ფორმით მიიღება გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ დღეს არსებული მოცემულობით ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


