„ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას“ – ზალკალიანი ისრაელში არსებულ ვითარებაზე საუბრობს
13/05/2021 09:35:16 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან ისრაელში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა და ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას.
„ჩვენი თანამემამულეების ბედი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე არის გადასული, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. გუშინ გაუწყეთ, რომ მცირე დაზიანება მიიღო ერთმა ჩვენმა მოქალაქემ, ძალიან უმნიშვნელო. მის ჯანმრთელობას საფრთხე უკვე არ ემუქრება, გაწერილია საავადმყოფოდან. მასთან მუდმივ კავშირზე არის ჩვენი საელჩო. ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას. სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მან სემაშფოთებელი უწოდა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას:
„შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იქ მიმდინარე პროცესებს და კონფლიქტის ესკალაციას. ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს ისრაელში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე. ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებაში. ჩვენი მხრიდან არის მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ იყოს გამონახული მოლაპარაკების საშუალება, რათა სიტუაცია წავიდეს დეესკალაციის მხრივ და საზოგადოებას, მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, მშვიდობიანად გააგრძელოს ცხოვრება ისრაელის ტერიტორიაზე“.


