"ვილნიუსში ვიზიტისას ივანიშვილს საპარლამენტო მუშაობის ევროპული მაგალითი მოვუყვანე, ვუთხარი, რომ  ჩვენ ერთმანეთს არ ვგზავნით საპატიმროში"

12-05-2021 19:39:57 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მუშაობის ევროპულ მოდელზე საუბრობს და ამ კონტექსტში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს.

მისი თქმით, ეს მოდელი არ გულისხმობს აბსოლუტურ თანხმობას ყველა საკითხის ირგვლივ, მაგრამ აქვს საერთო ენის გამონახვის რესურსი სტრატეგიულ საკითხებზე.

„არსებობს ევროპული მოდელი, თუ როგორ უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტური თანხმობა, მაგრამ არ უნდა დაიკარგოს სტრატეგიული ხედვა და სტრატეგიული მიზნები. მახსოვს ჩემი შეხვედრა “ქართული ოცნების” ყოფილ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო მაშინ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო და ჩამოვიდა ვილნიუსში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარლამენტში. იქ ვისხედით ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი — მე და ჩემი კოლეგა “სოციალ-დემოკრატებიდან” გედიმინას კირკილასი. მე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს: შეხედე, გაჩვენებთ ერთ მაგალითს. ჩვენ ვჩხუბობთ პლენარულ სესიებზე, საპარლამენტო მოსმენებზე და ზოგჯერ საკმაოდ ემოციურად გამოვხატავთ აზრს, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე გვაქვს სრული თანხმობა, მაგალითად, ევროინტეგრაციაზე, თავდაცვის საკითხებზე და როცა მთავრობაში ვართ, ჩვენ არ ვგზავნით ერთმანეთს ციხეში. როგორც დავინახე, ბიძინა ივანიშვილი მთლად მოხარული არ იყო ჩემი ამ გზავნილის გამო, მაგრამ მე ის მაინც გავაჟღერე", – განაცხადა კუნბილიუსმა ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ონლაინ დისკუსიისას, რომელიც საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა და რეფორმების გატარების თემას მიეძღვნა.

ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში ვილნიუსში 2013 წელს იმყოფებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები