"შავ ზღვაში ნატო-რუსეთის დაპირისპირება გარდაუვალია"

12-05-2021 18:53:48 თვალსაზრისი

უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში სწრაფვა ალიანსს, ადრე თუ გვიან, მკაფიო არჩევანის წინაშე დააყენებს: ან კიევსა და თბილისს მხარი დაუჭიროს, ან რუსეთს დაუთმოს და პოლიტიკური მარცხი განიცადოს, - დარწმუნებულია DW-ს ანალიტიკოსი კონსტანტინე ეგერტი.

ანალიტიკურ სტატიაში მას ნატო-სა და ევროპაში გაერთიანებული ჯარების ყოფილი სარდლის, გადამდგარ გენერალ ჯეიმს სტავრიდისის მოსაზრება მოჰყავს იმის შესახებ, რომ "პუტინი უკრაინას არა ხმელეთიდან, არამედ შავი ზღვიდან შეუტევს, მის პორტებს დაიკავებს ან ბლოკადაში მოაქცევს და შექმნის სახმელეთო დერეფანს ყირიმის “დიდ მიწასთან” დასაკავშირებლად; თავის მხრივ, ნატო კრემლის ქმედებებს დაგმობს, თუმცა არ ჩაერევა – უკრაინა ხომ ალიანსის წევრი არ არის და ნატო-ს წესდების მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის გარანტიები მასზე არ ვრცელდება".

როგორ დაეხმარა პუტინი "ბუქარესტის ცხრიანს"

ეგერტის აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, ე.წ. ბუქარესტის ცხრიანის (В9) ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტთან და ნატო-ს გენმდივანთან 10 მაისის ვირტუალურ სამიტზე უახლოესი მომავლისთვის მოვლენათა განვითარების მსგავს სცენარზე ემსჯელათ, თუმცა ნათელია, რომ საუბარი შეეხებოდა უკრაინასა და იმას, როდის და რა შეიძლება, მოიმოქმედოს ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვრებთან აპრილის “წვრთნების” შემდეგ.

"ცხრიანი" ნატო-ს ე.წ. აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების არაფორმალური გაერთიანებაა. იგი 2014 წელს – შეიძლება, ითქვას, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის კვალდაკვალ, რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა. მოგვიანებით მათ ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ბულგარეთი შეუერთდნენ. 9-დან 7 ქვეყანა კრემლის პოლიტიკისადმი მაქსიმალურად მკაცრი მიდგომის მომხრეა. უნგრეთსა და ბულგარეთს უფრო მოქნილი პოზიციები აქვთ, თუმცა ხშირად ისინი რუმინელების, პოლონელებისა და ლიეტუველებისას ემთხვევა.

მთელი გასული წლების განმავლობაში ცხრიანი ნატო-ში ერთიან ფრონტად ცდილობდა პოზიციონირებას, რაც ზოგიერთს აღიზიანებდა, განსაკუთრებით – გერმანიასა და საფრანგეთს, რომლებსაც ნებისმიერ პირობებში მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნების ტრადიციული ხაზი გააჩნიათ.

მაგრამ "ცხრიანის" ამჟამინდელი სამიტი აპრილის კრიზისის შემდეგ, თანაც რუსეთ-უკრაინის ომის ახალი რაუნდის შენარჩუნებადი საფრთხის ფონზე გაიმართა. ამასთანავე, ივნისისთვის დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი, ამჟამად კი ნატო-ელი მოკავშირეების სერიოზული წვრთნები ტარდება. ბუქარესტში ამერიკელებს მოუწოდებენ, რადიკალურად გაზარდონ თავისი სამხედრო წარმოდგენილობა რუმინეთში. ვირტუალურ კონფერენციაში ჯო ბაიდენის მონაწილეობა კი ადასტურებს, რომ კონტექსტი (მათ შორის - პუტინის მიერ იარაღის ჟღარუნის გამოც) შეცვლილია და შავი ზღვის მიმართულებას ნატო-ში პრიორიტეტულად აღიქვამენ.

თუმცა ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ალიანსს მკაფიო სტრატეგია გააჩნია.

უკრაინული (და ქართული) ოცნება

ამაზე თუნდაც ის გარემოება მეტყველებს, რომ რა მოიმოქმედონ უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე წლებია, სისტემურად ისწრაფვიან ალიანსში გაწევრიანებისაკენ, ამ დრომდე გაურკვეველია. ისინი ამ სწრაფვას გააგრძელებენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ ჯართან 7-წლიანი დაპირისპირების განმავლობაში გამოცდილება შეიძინეს. ისინი ბევრად უკეთ არიან შეიარაღებულები (მათ შორის – ამერიკული იარაღით). ოფიცერთა შემადგენლობა (ისევე, როგორც ქართული) რეგულარულად იწვრთნება და სტაჟირებას გადის ალიანსის ქვეყნებში. შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო პოლიტიკური კონტროლი სრულად შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს, დემოკრატიული ინსტიტუტები კი სულაც არ არის იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე შავი ზღვისპირეთის ნატო-ს წევრ ქვეყანაში - თურქეთში.

წევრობის კანდიდატებისადმი ხშირად განმეორებადი მოთხოვნა – ტერიტორიული კონფლიქტების არარსებობა – არ არის ფორმალიზებული ვაშინგტონის 1949 წლის შეთანხმებაში, რომელმაც თავის დროზე ალიანსს ჩაუყარა საფუძველი. მეტიც, როგორც სტატიის ავტორი ნატო-ს გენმდივნის ერთ-ერთ ყოფილ მოადგილეზე დაყრდნობით აღნიშნავს, საქართველოს წარმომადგენლებს არაერთგზის განუცხადებიათ ბრიუსელში, რომ მზად არიან, წერილობით დაადასტურონ თანხმობა იმაზე, რომ კოლექტიური თავდაცვის შესახებ მუხლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე არ გავრცელდეს.

და ბოლოს, კიევისა და თბილისისთვის ნატო-ს წევრობის დაპირება ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დასკვნით კომიუნიკეშია ასახული. მაშინ მათთვის ე.წ. MAP-ის მინიჭებას აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა – უმცროსმა ჯორჯ ბუშმა, ასევე ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი. თუმცა გერმანია და საფრანგეთი ამას კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ.

უკრაინა და საქართველო – ნატო-ს "გლობალური პარტნიორები"?

ეგერტის აზრით, პუტინი, სანამ ის ხელისუფლებაშია, ვერ მისცემს უკრაინელებსა და ქართველებს შესაძლებლობას, საკუთარი გზით იარონ და ნატო-ში შევიდნენ. არადა, იგი კრემლში დარჩენას 2036 წლამდე გეგმავს. "ძნელად წარმომიდგენია, ამ ხნის განმავლობაში კიევსა და თბილისში უბრალოდ ისხდნენ და თმენით ელოდონ მორიგ “მედვედევისეულ რემისიას”, მით უფრო, რომ ის შესაძლოა, აღაც განმეორდეს. რაც მეტად ჩაბარდება ისტორიას სსრკ, მით მეტად გააცნობიერებენ ქართველები და უკრაინელები თავის ეროვნულ ინტერესებს, როგორც მოსკოვის ინტერესებისგან განსხვავებულს და მით უფრო მძლავრად დაიწყებენ ალიანსის კარზე კაკუნს" - დარწმუნებულია სტატიის ავტორი.

როგორც ეგერტი აღნიშნავს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უკრაინასა და საქართველოს “გლობალური პარტნიორების” სტატუსი მიენიჭოს – იმის მსგავსი, როგორიც გააჩნიათ სამხრეთ კორეას, იორდანიას, ავსტრალიას, მაგრამ ეს დროებითი გადაწყვეტილებაა, თანაც, საქმე სამეზე რომ მიდგეს, მასაც შეუძლია, კრემლის მოქმედების პროვოცირება.

ომის ფასი ნატო-სთვის

ავტორის შეფასებით, ერთის მხრივ – კიევი (და ოდნავ ნაკლები ხარისხით თბილისი), ხოლო მეორეს მხრივ მოსკოვი უცილობლად უახლოვდებიან მომავლისთვის ბრძოლის ახალ რაუნდს და ადვილად შესაძლებელია, პუტინი, რომელსაც თავისი არაპროგნოზირებადობით მოაქვს თავი, წავიდეს “პრევენტიულ დარტყმაზე – სანამ (მისი ხედვით) გვიანი არ არის”.

ამასთან, ეგერტის ხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, რუსეთთან მისი დაპირისპირების ახალი რაუნდი შესაძლოა, შავი ზღვის რეგიონში დიდ ევროპულ ომში გადაიზარდოს. "გაღრმავებადი თანამშრომლობის ამდენი წლის შემდეგ უკრაინის შესაძლო მარცხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მარცხადაც წარმოჩინდება – ზუსტად ისევე, როგორც აზერბაიჯანთან გასული წლის ომში სომხეთის მარცხი წარმოჩინდა მისი მთავარი მოკავშირისა და დამცველის – რუსეთის მარცხად" - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მისივე პროგნოზით, "შესაძლო ომი მსოფლიო ბაზრებს დაარტყამს, მოარყევს ნატო-ს სამხრეთ ფლანგის ისედაც შერყეულ სტაბილურობას და, რაც მთავარია, პოლიტიკურად გახლეჩს და ფატალურად შეასუსტებს ალიანსს, რომელშიც "ბუქარესტის ცხრიანი" უკვე წლებია, განგაშის ზარს რეკს, სხვა მოკავშირეები კი თავს იკატუნებენ, თითქოს მიმდინარე მოვლენები მათ მხოლოდ ირიბად ეხებოდეთ".

"სწორედ ასეთი შედეგი იქცევა კრემლისთვის მთავარ ნადავლად" - თვლის ეგერტი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები