"4 წლის განმავლობაში ფაქტობრივად, 3 ადამიანი ვაცოცხლებდით ენმ–ს საპარლამენტო საქმიანობაში"

12-05-2021 18:20:48 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობას" საპარლამენტო ფრაქცია შეუნარჩუნა და მისი საერთაშორისო კავშირები გამოიყენა იმისთვის, რომ "ენმ–ს, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა".

"მთავარია, რომ ვთქვით - გავაკეთეთ, გიორგი რურუა და ნიკა მელია გარეთ არიან, საარჩევნო კანონმდებლობაზე დავიწყეთ მუშაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაზეც შევთანხმდით, ბოლომდე შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებ ჩემთვის ბევრ საპატივცემულო ადამიანთან ერთად, ვისაც ეყო პოლიტიკური გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად. ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს ასევე წარმატებას ვუსურვებ. დღეს ბევრი მათგანისგან მესმის იგივე არგუმენტები, რომლითაც მე ვცდილობდი პარტიის დარწმუნებას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რაც დამაიმედებელია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4–წლიანი თანაცხოვრება ენმ-სთან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია. ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა. 4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტიურად 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში. პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა., – აცხადებს სამადაშვილი.

ცნობისთვის: სალომე სამადაშვილმა ევროპული შუამავლობით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. აღნიშნულის გამო იგი ოპოზიციის რიგმა ლიდერებმა, მათ შორის, თანაპარტიელებმა მწვავედ გააკრიტიკეს. სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დატოვებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები