Accentnews.ge
ისრაელში საქართველოს ელჩი თანამოქალაქეებს აფრთხილებს: "სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება"

ისრაელში საქართველოს ელჩი თანამოქალაქეებს აფრთხილებს: "სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება"

12/05/2021 13:10:12 პოლიტიკა

ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

„ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალისწინეთ – დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება.

დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ქალაქები თელ ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებიან.

დღეს ბევრი გავიდა სამუშაოდ. გთხოვთ, თავი შეიკავეთ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია (ძირითადად ტრასებზე).

17:30-მდე დავრუნდით საცხოვრებელ სახლებში.

თუ ვერ მოახერხებთ, დარჩით ახლანდელ ლოკაციაზე.

თვალყური ადევნეთ ინფორმაციებს.

არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო ახლა სიმშვიდეა და ასე შეიძლება გაგრძელდეს.

ჩვენს ახლობლებს საქართველოში და მსოფლიოში დიდი მადლობა თანადგომისთვის და გთხოვთ, საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებისას არ იკითხოთ „როგორ არიან“ კითხეთ: „სად არიან“ და მოუწოდეთ საცხოვრებლებში დავრუნებისკენ.

არ გაითვალისწინოთ სოციალური ქსელით კერძო პირების დამაბნეველი მოწოდება, რომ სიწყნარეა და ყველაფერი კარგადაა.

დაიცავით უსაფრთხოების წესები.

ღმერთი შეგვეწევა თუ ფრთხილად ვიქნებით და არ გამოვცდით. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა ჩვენ!“ – აცხადებს ლაშა ჟვანია.

გუშინდელი ღამის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში დღესაც განახლდა.

ისრაელის განცხადებით, "ჰამასმა" ისრაელის ჯიპს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლა. შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საპასუხოდ ისრაელი იმ ნაწილს დაესხა თავს, საიდანაც რაკეტა ისროლეს. პალესტინის მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. 12 მაისის ღამეს განახლებულ სარაკეტო იერიშებს ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 5 მოქალაქე, მათ შორის, 3 ქალი და 1 ბავშვი, დაიღუპნენ, ათობით მცხოვრები კი მძიმედ დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 43 პირი, მათ შორის, 12 ბავშვი ემსხვერპლა.

მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

გაერო–მ კი ისრაელ–პალესტინის საკითხზე ბოლო 3 დღეში უშიშროების საბჭოს რიგით მეორე სხდომის გამართვა დააანონსა.

იხილეთ ასევე: ისრაელისა და პალესტინის მორიგი სისხლიანი შეტაკება

კონფლიქტის ესკალაცია

ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივ საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

თუმცა სიტუაციის ესკალაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაინც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ–ჯარას გარშემო განვითარებული პროცესები განიხილება. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S