Accentnews.ge
რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა

რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა

12/05/2021 13:00:27 პოლიტიკა

ერევანში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე, მათ შორის, რეგიონალური სატრანსპორტო-საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტურ გამოყენებასა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.

"საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას საკვანძო ადგილი უჭირავს სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი ხალხები მრავალი ძაფით არიან გადაჯაჭვული. ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, ისევე როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები, ქმნის იმ მყარ საფუძველს, რასაც ეფუძნება ჩვენი ორი სახელმწიფოს პარტნიორობა. საქართველოს სომხური სათვისტომო, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, არის ის ხიდი, რომელიც აკავშირებს ჩვენ ორ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დინამიურად განვითარების ფართო დღის წესრიგი.

  • დღეს პრემიერთან შესაძლებლობა გვქონდა, გაგვეგრძელებინა საქართველოს მთავრობასთან განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ შევეხეთ ტრასპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს.
  • გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ურთიერთობებში მეტი ყურადღება გავამახვილოთ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე.
  • ჩვენ მიერ განსაკუთრებით ხაზი გაესვა რეგიონალური სატრანსპორტო-საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტური გამოყენებისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საჭიროებას. ხაზი გავუსვით ტექნოლოგიების სფეროში განვითარებას.
  • როგორც ყოველთვის, განვიხილეთ განათლების, მეციერების, კულტურის სფეროში ურთიერთობის განვითარება.
  • ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ჩვენს ქვეყნებში ეპიდემიის წინააღდეგ ბრძოლის მიმართულებით, შევეხეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.

ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. რეგიონულ პრობლემებზე საუბრისას გამოვთქვი ღრმა რწმენა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით და მათ მეირ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე. ასევე გამოვთქვი რწმენა, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურება და ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებულ, კონსტრუქციულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განცხადა ფაშინიანმა.

საქართველოს პრემიერის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

"ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი.

  • შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ახალ პროექტებს.
  • ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და უკვე არსებული ინტენსიური ურთიერთობების მიუხედავად, ჯერ კიდევ არის დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით.

სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება და სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას.

ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებაზე და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე".

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება.

"საქართველო და სომხეთი გამორჩეულია დიდი ისტორიით, თვითმყოფადი კულტურით და საინტერესო ტრადიციებით. სწორედ ამ ფასეულობებზე უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნების მომავალიც, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია, ღია და გამჭირვალე მმართველობა, ეკონომიკური პროგრესი და ინოვაციები განამტკიცებს. ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ მშვიდობის და რეგიონული სტაბილურობის პირობებში. ერთი მხრივ, „კოვიდ-19“-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მეორე მხრივ, ომმა ყარაბაღში, მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. ვფიქრობთ, რომ მშვიდობას, მოლაპარაკებებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვართ მზად, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონული დიალოგის წარმართვას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა, სხვა ჰუმანიტარული საკითხები. სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროპული და ევროატლანტიკური გზა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S