მოწერელია ყოფილ თანაგუნდელებს რეპრესიებში ადანაშაულებს
11/05/2021 15:16:48 პოლიტიკა
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია ყოფილ გუნდს რეპრესიებსა და პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეების გათავისუფლების შეფასებისას განაცხადა.
“დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. არ მალავენ ამას. ჯერ გორის მერმა განაცხადა ამის შესახებ, შემდეგ პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან”. მოვლენები დაიწყო შიდა ქართლში, გაგრძელდა სამეგრელოში და შეეხო არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ ფოთში მელიორაციის სამსახურის 72 წლის დამსახურებულ მუშაკსაც, რომელიც აიძულეს, წასულიყო სამსახურიდან. ეს ყველაფერი ხორციელდება პარტია ქართული ოცნებისა და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებზე. ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ვსაუბრობდით. ქართული ოცნება ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას ამ გადაწყვეტილებებით და რა თქმა უნდა, ეს მათ სიკეთეს ვერ მოუტანს. ქართველმა ერმა დევნას და რეპრესიებს უარი განუცხადა. ამდენად, მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას, ნუ დაემსგავსება წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ეს ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ევროკავშირში",– განაცხადა მოწერელიამ.
გორის და ხაშურის მერების მოადგილეების შემდეგ თანამდებობები ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეებმა დატოვეს. როგორც თავად ამბობენ, მათ პოსტები დაატოვებინეს, ვინაიდან თავს გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებენ.


