პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
29/04/2021 11:50:38 პოლიტიკა
პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენითაც მხარი დაუჭირა ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. კერძოდ,
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. დღეს მოქმედი კოდექსის ეს მუხლი მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება და ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
- პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლსაც. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე თანხით, ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასეთი ქმედების განმეორებით ჩამდენს დაეკისრება 3500-დან 4500 ლარამდე ჯარიმა, ან 7-დან 15 დღემდე ვადით დააპატიმრებენ. კოდექსის მოქმედი რედაქციით, ეს მუხლი ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
ამასთან, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა:
- ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება.
- მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს.
- თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია.
ორი მუხლი, რომელსაც ცვლილებები ეხება, ხშირად გვხვდება საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავების შემთხვევაში მათთვის წარდგენილ ბრალში და არასამთავრობო სექტორი საუბრობს იმაზე, რომ საკანონმდებლო ინიციაციატივა საპროტესტო მოძრაობების და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებით, ადმინისტრაციული კოდექსი ამ ცვლილებების შემდეგ უფრო რეპრესიული გახდება, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თვლის, რომ პოლიციის დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამ მუხლების ნორმატიულ შინაარსს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები "ოცნებიდან": ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.


